ბრაუნი იან

ბრაუნი (Braun) იან (15. V. 1926, ლოძი, – 29. V. 2015), პოლონელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი და ბასკოლოგი.

დაამთავრა ლოძის უნ-ტი (1951). 1951–55 ასპირანტურის კურსი თსუ-ში გაიარა ა. შანიძის ხელმძღვანელობით და აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ქართული ზმნის მრავალპირიანობა“ (1955). სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ვარშავის უნ-ტში, სადაც კითხულობდა ზოგადი ენათმეცნ., შუმეროლოგიის და ე. წ. აზიანიკური ენების შედარებითი გრამატიკის კურსს.

განსაკუთრებით ნაყოფიერად იკვლევდა ბასკურ-კავკ. ენათა ურთიერთობის პრობლემას, იცავდა ამ ენათა გენეტური ნათესაობის თეორიას. აღწერა კრაკოვში დაცული ქართ. ხელნაწერები (1958). მისი მეცნ. თანამშრომლობითა და კონსულტაციით გამოქვეყნდა პოეტ იეჟი ზაგურსკის მიერ თარგმნილი ვეფხისტყაოსნის პირველი სრული გამოცემა პოლ. ენაზე. ის იყო აგრეთვე მეცნიერ-კონსულტანტი იგორ სიკირიცკის მიერ პოლ. ენაზე შედგენილი ქართ. პოეზიის ანთოლოგიისა (ლოძი, 1985) და ინგლ. ქართველოლოგის დეივიდ მარშალ ლანგის ნაშრომის „ძველი საქართველოს“ თარგმანისა პოლ. ენაზე (1972). პოლონურად თარგმნა ნ. ბარათაშვილის, ა. წერეთლის, გ. ლეონიძის რამდენიმე ლექსი, ს.-ს. ორბელიანის იგავ-არაკები, ქართ. ფოლკლორის ნიმუშები.

იან ბრაუნი საქართველოს შესახებ

https://www.youtube.com/watch?v=NVFDsauCT-4&list=PLue6znsWBAfdUX4MSh1O4SH3xSo-2Brix&index=142

 

ზ. ჭუმბურიძე