ბასილაია ალექსანდრე ალექსანდრეს ძე

ა. ბასილაია

ბასილაია ალექსანდრე  ალექსანდრეს ძე (11. III. 1942, თბილისი, ‒ 3. X. 2009, გერმანია, დაკრძალულია თბილისში), კომპოზიტორი, პიანისტი. საქართვ. სახ. არტისტი (1987). 1967 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვ. (კონტრაბასის კლასი, ხელმძღვ. პროფ. ნ. სავჩენკო). 1963-იდან მუშაობდა საქართვ. სახელმწ. ფილარმონიაში ჯერ პიანისტ-აკომპანიატორად, 1968-იდან კი ვოკალურ ‒ საკრავიერი ანსამბლის „ივერიის“ ხელმძღვანელად და სოლისტად. ძირთადად, საესტრადო ჟანრში მუშაობდა.

1990-იდან ‒ საქ. ფილარმონიის დიდი დარბაზის სამხატვრო ხელმძღვ. და დირექტორი. იგი ავტორია მრავალი საესტრადო სიმღერისა, რ-თაგან აღსანიშნავია „თეთრი ფიფქები“ (ჯ. ჩარკვიანის ლექსზე), „მოგონებანი“ (კ. კვეიძის ლექსზე), „სიყვარულის ზღაპარი“, „გულო, ჩადექ საგულესა“, „ახალგაზრდული“ (მ. ფოცხიშვილის ლექსებზე), „სიმღერა საქართველოზე“ (ლექსი ნ. მალაზონიასი) და სხვ. ანსამბლ „ივერიისათვის“ დაწერა მიუზიკლები:„რწყილი და ჭიანჭველა“ (1977), „ჩხიკვთა ქორწილი“ (1979 ლიბრეტო ‒ა. გელოვანი), „არგონავტები“ (1983), „შლაგერი, შლაგერი“ (1985), „თოვლის ბებოს ზღაპარი“ (1986), „ფიროსმანი“ (1996). ამავე ანსამბლისათვის მან არაერთი ქართ. ხალხ. სიმღერა დაამუშავა. ანსამბლთან ერთად კონცერტები გამართა ყოფ. სსრკ და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში (პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, კუბა, მექსიკა, ბოლივია, პორტუგალია).