ბასილი, ბასილა, ნახევრად წარმართული ღვთაება, რ-შიც შერწყმული იყო ქრისტ. ეკლესიის მოღვაწის ბასილი დიდისა და „დიდ ღმერთად“ წოდებული ქართ. წარმართული ღვთაების, იგივე ბოსელის კულტი.
ამ ორი კულტის დაახლოება-შერწყმა სახელთა მსგავსების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. ბასილას ანუ კაც-ბასილას უწოდებდნენ კაცის სახის საახალწლო კვერს, რ-საც დიდ ღმერთს უძღვნიდნენ. ქართლში ასეთ კვერს გულზე ჯვარს გამოუსახავდნენ და ფქვილის გოდორში ჩააგდებდნენ ‒ „ბარაქა ამ გოდორსო“. მას ახალწელიწადს წყალსაც ასხურებდნენ ან წყალკურთხევა დღეს მდინარეში ასველებდნენ. ასეთსავე კვერებს აცხობდნენ კახეთსა და ჯავახეთში. ზოგჯერ ბასილა გამოსახული იყო მრგვალი კვერის ზედაპირზე, ამიტომ ამ კვერსაც ბასილა ეწოდებოდა. რაჭის ზოგიერთ სოფელში საახალწლოდ „კაც-ბასილად“ წოდებული მრგვალი პურები ცხვებოდა, რ-თაგან ყველაზე დიდი მზის სიმბოლური ნიშნით, რკალებით იყო დაჭრელებული და მას „კერია-ბერია“ ერქვა. საგულისხმოა, რომ კვერს, რ-იც ბოსლობა საღამოს ცხვებოდა საქონლის მისალოცავად, მთის რაჭაში ბასილი ჭიჭყნია ეწოდებოდა. სამეგრელოში ბასილა ეწოდებოდა გრძელსა და ვიწრო კვერს, რ-საც წმ. ბ-ის სახელზე საახალწლოდ აცხობდნენ ღორის ქონით შეზავებული ხორბლის ან ჭვავის ფქვილისაგან. ამ კვერს ფშავსა და ხევსურეთში ცვლიდა ადამიანთა სახელზე გამომცხვარი ბედისკვერა (ფშავში) და სამეკვლეო კვერზე ‒ კაცისა და ქალის სიმბოლური გამოსახულება (ხევსურეთში). მიცვალებულის კულტთან დაკავშირებით თუშეთშიც აცხობდნენ კვერს სულთაკრეფის დღეს. ბასილაკვერს აცხობდნენ ახალწლის ღამეს და დებდნენ საახალწლო სუფრაზე, რ-ზედაც ეწყო ასეთივე სიმბოლური ნამცხვრები; ცხენის ნალი, ცხვრისა და ძროხის ცური, ხარის რქა, ნამგალი, სახრე და სხვ.
ლიტ.: ბ ა რ დ ა ვ ე ლ ი ძ ე ვ., ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, ნაწ. 2, თბ., 1953, თ. 1, § 3; მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., მთის რაჭა, ტფ., 1930; ხ ი ზ ა ნ ი შ ვ ი ლ ი (ურბნელი) ნ., ეთნოგრაფიული ნაწერები, თბ., 1940.
ა. სოხაძე