ბაზიერი, ბაზიარი (სპარს.), ქორ-შავარდენთა სანადიროდ დამგეშავ-მწვრთნელი და მეთვალყურე ფეოდალურ საქართველოში.
მას ევალებოდა აგრეთვე შავარდნის ბუდის დაცვა და საშავარდნო გადასახადის აკრეფის თვალყურის დევნება. ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით (კარი 59, პ. 193–195), იყვნენ ქორის, შავარდნისა და გავაზის ბ-ები. სამეფო კარის ბ. სანადირო უწყებას ეკუთვნოდა და ამ უწყების უფროსს – ბაზიერთუხუცესს ემორჩილებოდა. ბაზიერთუხუცესს ემორჩილებოდნენ აგრეთვე ტყის მცველები და სანადირო უწყების სხვა მოხელეები.
წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1970.
მ. კეკელია