გრიგოლ ხანძთელი, (759–861), სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა გიორგი მერჩულემ. გ. ხ. დაიბადა ქართლში, წარჩინებულ ოჯახში. აღიზარდა ქართლის ერისთავის ნერსეს კარზე (ნერსეს ცოლის ძმისწული და შვილობილი იყო). მან თავისი დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიიღო. აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა ნებით მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როცა მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახეს (დაახლ. 781), ფარულად დატოვა ქართლი და ტაო-კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა. თავდაპირველად ოპიზაში ცხოვრობდა, შემდეგ ხანძთაში დასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რ-შიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი. გ. ხ-მა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაოკლარჯეთში, მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში – დედათა სავანეები. დას. საქართველოში დააარსა უბის მონასტერი. გ. ხ-ის წაბაძვით მისმა მოწაფეებმაც იწყეს მონასტრების მშენებლობა იშხანში, ბარეთელთაში, წყაროსთავში, ნეძვში და სხვ. გ. ხ. ცხოველ მონაწილეობას იღებდა კლარჯეთის პოლიტ. ცხოვრებაში. IX ს. 30-იან წლებში იგი კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს. მისი ენერგიული ჩარევით გადააყენეს თბილ. ამირა საჰაკის აგენტი – ანჩის ეპისკოპოსი ცქირი. გ. ხ-მა დიდი როლი ითამაშა IX ს. 50-იან წლებში ჯავახეთში მოწვეულ საეკლ. კრებაზე, რ-მაც არსენ I-ის კათოლიკოსად არჩევის კანონიერების საკითხი გაარჩია. მისი მხარდაჭერით არსენი დარჩა კათოლიკოსად. გ. ხ-ის ძირითადი საცხოვრ. ადგილი ხანძთა (აქედან – მისი ზედწოდება) ქართ. მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად იქცა. იქ გაჩაღებულ მრავალმხრივ კულტ.-საგანმან. საქმიანობაში მონაწილეობდა თვით გ. ხ. გიორგი მერჩულის ცნობით, გ. ხ-ს საბაწმიდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი ძმობის წევრთათვის შეუდგენია ქტიტორული ტიპიკონი და დაუწერია ჰიმნოგრაფიული კრებული "საწელიწდოჲ იადგარი" – მთელი წლის ლიტურგიკული კრებული. გ. ხ. საქართვ. ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და უწოდა ღირსი მამა. ხსენების დღეა 5(18). X. საკუთარი ანდერძისამებრ, დაკრძალულია ხანძთის მონასტერში.
ლიტ. იხ. სტ-თან გიორგი მერჩულე.
ა. ბოგვერაძე
ლ. მენაბდე