ბერთუბნის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დავითგარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი გამოქვაბული მონასტერი.
დაარსდა XII ს-ში, აღსანიშნავია ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო, რ-თა კედლებიც შემკული იყო XIII ს. დასაწყ. კედლის მხატვრობით. მონღოლების შემოსევის შედეგად XIII ს. I ნახევარში ბ. მ-ის ფერწერის სკოლა მოიშალა, ხოლო XIII ს. დასასრ. მონასტერი მთლიანად დაცარიელდა. სამონასტრო ცხოვრება აქ მხოლოდ XVIII ს. დასაწყისში აღდგა, მაგრამ 1707 ისევ შეწყდა. ბ. მ. მოქმედი ჩანს 1716–40-იან წლებში. 1768-იდან, როგორც გაუქმებული მონასტერი, ნინოწმინდელ ეპისკოპოსს მიაბარეს. ბ. მ. არ მოქმედებდა არც XIX ს-ში. ბ. მ-ის მოხატულობამ შემოგვინახა თამარ მეფისა და ლაშა გიორგის გამოსახულებანი. სატრაპეზოში ძირითადად ტრაპეზის თემაა გადმოცემული; აქვეა ეპიზოდი დავით გარეჯელის ცხოვრებიდან „ლუკიანე წველის ირმებს“. ეს მოხატულობა გარეჯის სამხატვრო სკოლის განვითარების მწვერვალია. ადგილ. ტრადიციებთან ერთად მათში მკაფიოდ აისახა აყვავების ხანის ქართ. მონუმ. მხატვრობის ზოგადი თავისებურებანი.
ტაძრის ფრესკული დეკორის დიდი ნაწილი დაღუპულია, რაც დარჩა, იმასაც განადგურება ემუქრებოდა, ამიტომ წლების განმავლობაში ექსპედიციების დროს შეგროვილ იქნა ჩამოცვენილი ფრაგმენტები, მოხსნეს გადარჩენილი ნაწილებიც და თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში მოუყარეს თავი.
ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., გარეჯის სენიორია, წგ.: ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966.
ა. ვოლსკაია
ბ. ლომინაძე