ბასკები (საკ. სახელწ. ეუსკალდუნაკი), ესპანეთსა და საფრანგეთში მცხოვრები ხალხი.
ესპანეთში (ბასკურ პროვინციებში ‒ ნავარა, გიპუსკოა, ბისკაია, ალავა) ცხოვრობს 236 ათ. კაცი, საფრანგეთში (ლაბური, სული, ქვემო ნავარა) – 230 ათ-მდე (2008), აგრეთვე ცხოვრობენ ლათ. ამერიკაში. ლაპარაკობენ ბასკურ ენაზე. სარგებლობენ ლათ. ანბანით. ბასკური დამწერლობის უძველესი ძეგლი XVI ს-ისაა. სარწმუნოებით კათოლიკეები არიან. ანთროპოლ. ტიპის მიხედვით ინდო-ხმელთაშუა ზღვის რასას განეკუთვნებიან.
ბ-ის წარმოშობის საკითხი არაა საბოლოოდ გარკვეული. მეცნიერთა ერთ ნაწილს ისინი ადგილ. დას. პირენეების ენეოლითური ხანის მოსახლეობის შთამომავლებად მიაჩნია. ზოგი კი მხარს უჭერს ბ-ის წინაპრების აღმ-იდან (საბერძნეთი, აფრიკა, კავკასია და სხვ.) მიგრაციის თეორიას, საიდანაც მომდინარეობს ძველთაგანვე ცნობილი შეხედულება ბ-ისა და კავკასიელთა, კერძოდ, ქართველთა გენეტ. კავშირზე. ქართველ-ბასკების ნათესაობის ჰიპოთეზის ავტორთა ერთი ნაწილი (ვარონი, პრისციანე, მაქსიმე აღმსარებელი, გიორგი მთაწმიდელი, ო. შაჰო, ი. ბოდრიმონი, ნ. მარი, გ. რაიხერი და სხვ.) კავკ. იბერიელებს მიიჩნევს პირენეს ნ.-კ-ის იბერიელთა წინაპრებად. სხვების აზრით (სტრაბონის ნაწერებში დაცული ძვ. ავტორთა ცნობები, მეგასტენე, დიონისე პერიეგეტე, სოკრატე, ევსტათი), პირიქით, კავკ. იბერიელები გადმოსახლებულან პირენეებიდან; ზოგიც საერთოდ უარყოფს დას. ევროპისა და აღმოსავლეთის იბერიელთა ნათესაობას.
ჰიპოთეზა ბ-ისა და ქართველების გენეტ. კავშირის შესახებ ემყარება არქეოლოგიურ, მ. შ. პალეოანთროპოლოგიურ მონაცემებს, ამ ორი ხალხის ყოფაში დამოწმებულ ეთნოგრ. პარალელებსა და ლინგვისტურ მასალას. მაგ., პირენეს ნახევარკუნძულისა და კავკასიის ხალხების უძველესი დროიდან მომდინარე ახლობლობის დასტურად მიაჩნიათ ორივე რეგიონში გავრცელებული ნეოლითური ხანის სამარხები, დოლმენების ერთი და იგივე ტიპი, ასევე მათში აღმოჩენილი სამარხეული ინვენტარის მსგავსება.
მოსახლ. გენეტიკური სიახლოვე დამოწმებულია პირენეს ნ.-კ-ზე, სპილენძის საბადოებში აღმოჩენილი თავის ქალების ანთროპოლ. შესწავლით. სპეციალისტებს ისინი კავკასიური რასის გვიანდელი ვარიანტის წარმომადგენლებად მიაჩნიათ. ეს ფაქტი, მეცნიერთა აზრით, ეხმაურება ნ. მარის ვარაუდს იმის შესახებ, რომ ლითონის დამუშავებაში დახელოვნებული ქართულ-კავკასიური მოდგმის ხალხის ჯგუფი უძველეს ხანაში გადასახლდა პირენეს ნ. კ-ზე, სადაც შეიტანა და განავრცო მელითონეობის სფეროში თავისი ტრად. ცოდნა-გამოცდილება. ნ. მარმა ბ-ის ქვეყანას პირენეს გურია უწოდა ბ-ისა და ქართველების ყოფით კულტურაში მთელი რიგი ელემენტების მსგავსების გამო. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ხორბლის უძველესი, პირველადი ჯიშების მოსავლის აღების ხერხის ‒ თავთავების გადამტვრევა და ამისათვის გამოყენებული ასევე უძველესი და უმარტივესი იარაღის (ქართულად „შნაკვი“) ‒ გავრცელება როგორც ჩრდ. ესპანეთში, ისევე დას. საქართველოს მთაში (ნ. ვავილოვი).
დამოწმებულია პარალელები ამ ორი ხალხის სულიერ კულტურაშიც ‒ გამოვლენილი და შესწავლილია დაკრძალვასთან დაკავშირებული ურთიერთმსგავსი ტრად. წეს-ჩვეულებანი (ს. გაბუნია); დადგენილია ქართ. მუს. ფოლკლორის არქაული ფენიდან მომდინარე ნიმუშებისა და ბასკური ხალხური სიმღერების სტრუქტურული პარალელიზმი, მელოდიაში საერთო ინტონაცია და ტექსტუალური დამთხვევა (ზ. ნადელი, შ. ასლანიშვილი, ვ. გვახარია).
ბ-ისა და ქართველთა გენეტ. კავშირის გამოსავლენად დიდი მნიშვნელობა აქვს ენათმეცნიერთა (ლ. პერვასი, ჰ. კლაპროთი, ფ. ფიტა, ვ. ჰუმბოლდტი, ჰ. შუხარდტი, ფ. მიულერი, ა. ცაგარელი, ნ. მარი, კ. ულენბეკი, ჟ. დიუმეზილი, რ. ლაფონი, კ. ბოუდა, ჰ. ფოგტი, ი. ბრაუნი, ი. ზიცარი, ა. ჩიქობავა და სხვ.) გამოკვლევებს, რ-ებშიც დასმულია საკითხი ქართული (უფრო ფართოდ იბერიულ-კავკასიური) და ბასკური ენების ნათესაობის შესახებ.
ლიტ.: ძ ი ძ ი გ უ რ ი შ., ბასკურ-კავკასიური პრობლემა, თბ., 1981; М а р р Н. Я., Из поездки к европейским яфетидам, «Яфетический сборник», 1923, т. 3; მისივე, Из пиренейской Гурии, Тфл., 1927; М е л и к с е т-Б е к о в Л. М., Родство грузии с испанцами по древним источникам, Тфл., 1911.
ნ. ბრეგაძე