ბატიკი, დეკორატიული ხელოვნების დარგი. ბ. მალაიური სიტყვაა, აღნიშნავს ქსოვილის ხელით მოხატვის ტექნიკას, აგრეთვე ფერებით მოჩითულ ქსოვილს. არსებობს ქსოვილზე ნახატის შექმნის 4 ხერხი: 1. ცხელი ბ. ‒ გამოსახულება მიიღება ცხელი ცვილის დადებით, შემდეგ ქსოვილს ამოავლებენ საღებავში. ქსოვილი (ფონი) იღებება, ნახატი კი ‒ არა; 2. ცივი ბ. ‒ გამოსახულება შემოიხაზება ფერის შემაკავშირებელი ხსნარით, რაც ფერთა შორის ტიხრის როლს ასრულებს და მხატვრულ დატვირთვასაც იძენს (კონტურის სახით); 3. თავისუფალი მოხატვა ‒ საღებავს უშუალოდ უსვამენ ქსოვილს, რის გამოც ფერები ერთმანეთში თავისუფლად იღვრება, რაც ქმნის ფერწერულ ეფექტს; 4. შერეული ტექნიკა ‒ იყენებენ ყველა ხერხს, რაც ზრდის ქსოვილის მხატვრულ-გამომსახველობით შესაძლებლობას. აღმოსავლეთის ქვეყნებში (ინდონეზია, ინდოეთი, შრი-ლანკა) ბ. ხალხ. რეწვის ერთ-ერთი უძველესი დარგია.
ევროპაში ბ-ის ტექნიკა XX ს. დასაწყისში გავრცელდა და თანამედროვე ხელოვნებაში მნიშველოვანი ადგილი დაიკავა. აღმოსავლურ ტრადიციებზე დაყრდნობით, აქ შეიქმნა ახ. მხატვრული სახეობა „შემოქმედებითი ბატიკი“, რ-მაც შეიძინა სახვითი ხელოვნ. ხასიათი. 60-იანი წლებიდან დეკორ. ხელოვნ. დარგების ინტენს. განვითარების შედეგად ბ-მა მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებსა და რუსეთში.
საქართველოში ძველად ქსოვილის მოსაჩითად სპეც. საბეჭდავს იყენებდნენ, რ-საც ამკობდა ადამიანის, ცხოველის, ნივთების გამოსახულება. ბ-ის შესანიშნავი ნიმუშებია „ლურჯი სუფრა“, სატანსაცმლე ქსოვილი და სხვ. XX ს. 50-იანი წლებიდან დაიწყო ქართ. დეკორ. ხელოვნ. მკვეთრი აღმავლობა (კერემიკა, ჭედურობა, მინის, ხის მხატვრ. დამუშავება, მინანქარი). ბ-ის მიმართ ინტერესი ეპიზოდური იყო. მხოლოდ 80-იანი წლებიდან შემზადდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში ნიადაგი ამ დარგის შესაბამისი მხატვრული ფორმის მოძებნისა და სწავლებისათვის.
ბ-ის ხელოვნ. ჩამოყალიბება მთლიანად დაკავშირებულია მხატვარ მ. ჩიხლაძის პედ. და შემოქმედებით მოღვაწეობასთან. ქართვ. მხატვრებისათვის უპირატესი მნიშვნელობა აქვს „შემოქმედებით ბ-ს“. ბ-ის ტექნიკით შექმნილია მრავალი სურათი, პეიზაჟი, ნატიურმორტი, პორტრეტი, დეკორ. მოტივი, მონუმ. ნამუშევრები, მაგ., მ. ჩიხლაძის პანო „კინტოები“ (1974, მაღაზია „ციცინათელა“), ლ. ტოზაშვილის პანო (1988, არქიტ. და მშენებლობის სამინისტრო, ორივე თბილისი). ქართ. ბ-ში წამყვანია სახვითი პრობლემები. გამოსახულება ძირითადად სიბრტყობრივ-დეკორატიულია, რაც ხელს არ უშლის მხატვრული, ფერწერული, ზოგჯერ სივრცობრივი ეფექტის შექმნასაც კი. ნახატს გამოარჩევს დინამიკურობა, ექსპრესია. მასალამ და ტექნოლოგიამ განაპირობა ფორმის განზოგადება, სიმბოლიკა, მთლიანობა. გამოირჩევა ფერის კეთილშობილური შეხამებით; კოლორიტი ნათელი, ჟღერადი, მდიდარია; ქართველ მხატვართა ინტერესის ფარგლებში მოქცეულია არა მარტო თანამედროვე ბ-ის მხატვრული არსი, არამედ უკვდავი ძეგლები. სწორედ ამ საწყისების შემოქმედებითი გააზრება სძენს ქართ. ბ-ის ხელოვნებას ეროვნულ, თვითმყოფად, საინტერესო მხატვრულ სახეს.
ამ დარგში ნაყოფიერად მოღვაწეობენ ახალგაზრდა მხატვრები მ. ასათიანი, ე. ერისთავი, მ. ბოკერია, მ. მარკოზია, ხ. პოპიაშვილი, ნ. კუპრავა, მ. ქორიძე, ქ. ქავთარაძე, დ. მაჩაიძე, ნ. სიხარულიძე, ქ. ვაჩეიშვილი, ს. მუშკუდიანი, თ. ხოფერია, მ. ხურცილავა და სხვ. 1988 თბილისში მოეწყო გამოფენა „ქართული ბატიკი“ (გამოიცა კატალოგი).
ლიტ.: ყ ი ფ ი ა ნ ი ნ., ქართული ბატიკის გამოფენა, «საბჭოთა ხელოვნება», 1989, № 4.
ნ. კიკნაძე