ბერეჟიანი სიმონ სიმონის ძე

ბერეჟიანი სიმონ სიმონის ძე [1897 (ან 1899), ჩოხატაური, ‒ 1942, შტუტგარტი, გერმანია], პოეტი და მხატვარ-კარიკატურისტი.

სწავლობდა თბილ. სათავადაზნაურო ქართ. გიმნაზიაში. 1918 – 20 იბრძოდა ქართ. ჯარში საქართველოს სახელმწ. დამოუკიდებლობის დასაცავად. 1920 სხვა ახალგაზრდებთან ერთად ეროვნულმა მთავრობამ იგი დას. ევროპაში გაგზავნა განათლების მისაღებად, მაგრამ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921) შემდეგ იძულებული გახდა ემიგრაციაში დარჩენილიყო;

სამი წელი ბერლინში ცხოვრობდა, სადაც გამოაქვეყნა პირველი ლექსები („სამშობლო უცხოეთში“ და სხვ.). 1923 – 41 საფრანგეთში გაატარა, შემდეგ ისევ გერმანიაში წავიდა და ბოლომდე იქ დარჩა. საფრანგეთში დაწერა არაერთი ლექსი, ფელეტონი, მოგონება, ლიტ. წერილი, შექმნა კარიკატურები. აქტიურად მონაწილეობდა პატრ. დარაზმულობის „თეთრი გიორგის“ მოძრაობაში.

ბ-ის თხზულებები და კარიკატურები იბეჭდებოდა ემიგრანტულ ქართ. ჟურნალ-გაზეთებში („თეთრი გიორგი“, „ქართლოსი“ და სხვ.), გამოიცა ცალკე წიგნებადაც ‒ „ნაწერები“ (ბერლინი, 1943), „ლექსები“ (პარიზი, 1982). განსაკუთებით პოპულარული იყო მისი ლექსი „მგოსანი“ („ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი...“).

ლიტ.: შ ა რ ა ძ ე  გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ნაწ. 2, თბ., 1993.

გ. შარაძე