გიულდენშტედტი იოჰან ანტონ

გიულდენშტედტი (Güldenstaedt) იოჰან ანტონ [26. IV (7.V). 1745, რიგა, – 23. III (3. IV). 1781, პეტერბურგი], გერმანელი მეცნიერი, მოგზაური. პეტერბ. საიმპერატორო მეცნ. აკად. წევრი (1771), „თავისუფალი ეკონომიკური საზოგადოების“ პრეზიდენტი (1780-იდან). სწავლობდა ბერლინის სამედ.-ქირურგ. სასწავლებელში. ოდერის ფრანკფურტის უნ-ტში მიიღო დოქტორის ხარისხი (1767). 1768 რუსეთის მეცნ. აკად. მიწვევით პეტერბურგში ჩავიდა 1768–74 ექსპედიციებში მონაწილეობის მისაღებად. გ-ის ექსპედიციამ, რ-საც დავალებული ჰქონდა ჩრდ. კავკ. და საქართვ. ყოველმხრივი გამოკვლევა-შესწავლა, 1770 იანვრიდან 1771 აგვისტომდე მოიარა ჩრდ. კავკასია და სექტემბერში საქართველოში ჩამოვიდა, სადაც დაჰყო 1772 ოქტ-მდე. გ-მა მოიარა ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა, იყო გურია-სამეგრელოს საზღვრებზე; შეხვდა მეფეებს – ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს. 1772 ნოემბრიდან 1773 ივლისამდე გ. კვლავ ჩრდ. კავკასიაში იყო. 1775 წ. 2 მარტს პეტერბურგში დაბრუნდა. გ-ის სიკვდილის შემდეგ აკად. პ. პალასმა ორ ტომად გამოსცა მისი ჩანაწერები – „მოგზაურობა რუსეთსა და კავკასიის მთიანეთში". ამ ნაშრომში მრავალი ცნობაა დაცული საქართველოსა და ჩრდ. კავკასიის შესახებ, მ. შ. ყველაზე დიდი ადგილი ქვეყნების გეოგრ. და მინერალოგიურ აღწერას უჭირავს. კუთხეებისა და პუნქტების დასახელებისას გ-მა ისინი ისტორიულადაც მიმოიხილა, აღწერა არქიტ. ძეგლები, წარმოადგინა ფოლკლორული მასალა, დაწვრილებით შეეხო ადგილ. ფლორასა და ფაუნას. წიგნში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და დამუშავებას. ავტორმა უხვად მოგვაწოდა ცნობები საქართვ. სამეფო-სამთავროთა პოლიტ. მდგომარეობის, სახელმწ. წყობილების, სოც. ურთიერთობის, სოფლის მეურნეობის, ადგილ. სარეწების, ვაჭრობა-ხელოსნობის, ბაზრებისა და ფასების, მიმოქცევაში არსებული მონეტების, ზომა-წონის ერთეულების, სწავლა-განათლების, კანონმდებლობის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია გ-ის ნაშრომში დაცული ეთნოგრ. ცნობები (ქორწილი, დასაფლავება, საცხოვრ. სახლები, ტრანსპორტი, ღვინის დაყენების წესი და მრავალი სხვ.). როგორც ექიმს, გ-ს აინტერესებდა ავადმყოფთა მკურნალობის ადგილ. მეთოდები. აღწერილი აქვს ყვავილის აცრა და სხვ. იძლევა იმ მედიკამენტთა ვრცელ სიას, რ-ებსაც საქართველოში იყენებდნენ. ნაშრომის დასასრულს ავტორი ახასიათებს ცნობილ ისტ. პიროვნებებს (მეფეებს, მოხელეებს, რეზიდენტებს და ა. შ.). კავკასიაში მოგზაურობის დროს გ-მა შეკრიბა ლექსიკური მასალა და შეადგინა კავკასიაში გავრცელებული ენების შედარებითი სიტყვათა კონები. თითოეული ასეთი კონა შეიცავს 340-მდე სიტყვას (ესენია არსებითი სახელები, ნაცვალსახელები, რიცხვითი სახელები, ზედსართავები, ზმნები). სიტყვები დალაგებულია შინაარსობრივად. მთის მრავალი იბერიულ-კავკასიური ენის ლექსიკური მასალა ასე ვრცლად პირველად ჩაიწერა, ამიტომ მათი შესწავლის ისტორიაში ამ დოკუმენტაციას დიდი ღირებულება აქვს. ლექსიკური მასალის შედარების საფუძველზე გ-მა გამოყო ენათა ექვსი ჯგუფი: 1. ქართული (ქართული, მეგრული, სვანური), 2. ქისტური (ჩაჩნური, ინგუშური, თუშური), 3. ლეკური (ხუნძურ-დიდოური, ანწუხური, ჭარული, ყაზიყუმუხური, ახუშური), 4. ჩერქეზული (ყაბარდოული და აფხაზური), 5. ოსური, 6. თათრული. მან პირველმა წამოაყენა ცალკეული ჯგუფის წევრთა შორის ნათესაური ურთიერთობის საკითხი. გ-ის მიერ ვახუშტის რუკებზე დაყრდნობით შედგენილ კავკასიის რუკას ("Mappa fundamentalis partem Caucas") დიდი მნიშვნელობა ენიჭება XVIII ს. II ნახევრის საქართველო-კავკასიის ისტ.-გეოგრ. შესწავლის თვალსაზრისით. რუკაზე აღნიშნულია ტერიტ. თელავიდან ქუთაისამდე და საქართვ. სამხრ. საზღვრიდან ასტრახანის გუბ. სამხრ. საზღვრამდე. დატანილია 530-ზე მეტი ტოპონიმი, რ-თა უმეტესობა საქართვ. ტერიტორიაზეა, მ. შ. მდინარეები: მტკვარი (მიწერილია "კურატ"), ვერესხევი; 39 თბილისი და მისი შემოგარენი: დიდუბე, დიღომი, თელეთი, კოჯორი, კუმისი, მარტყოფი, მცხეთა, ნავთლუღი, ნორიო, საგურამო, სოღანლუღი, შინდისი, წალასყური.

თხზ.: მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის გამოც., ტ. 1–2, თბ., 1962–64.

ლიტ.: П о л и е в к т о в М. А., Европейские путешественники ХII–ХVIII вв. по Кавказу, Тфл., 1935.

ვ. გამრეკელი

გ. გელაშვილი