ბატონის ციხე, გვიანდელი ფეოდალური ხანის საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი თელავში.
კახეთის მეფეთა რეზიდენცია XVII–XVIII სს-ში. ბ. ც-ის კომპლექსი ჩამოყალიბდა XVIII ს-ში, როდესაც ერეკლე II-მ არჩილისეული სასახლის (XVII ს. 60-იანი წწ.) და კარის ეკლესიის (XVII ს.) გარშემო XVIII ს. 50-იან წწ. ახ. დიდი გალავანი და ახ. კარის ეკლესია (1758) ააგო. ციხეს 3 ჰა-მდე ფართობი უჭირავს. 1772 ბ. ც-ს უკვე გიულდენშტედტი იოჰან|ი. გიულდენშტედტი იხსენიებს და აღწერს. კომპლექსში შედის აგრეთვე გალავნის გარეთ, აღმ-ით, ათიოდე მეტრზე აღმართული მრგვალი საზარბაზნე ბურჯი (აგებულია 1766 დარეჯან დედოფლის მიერ). მისი დიამეტრი 14 მ-ია. ასეთი მასიური ბურჯი საქართველოში სხვაგან არსად არ არის. ბურჯზე XIX ს. 40-იან წლებამდე იდგა 7,5 მ სიგრძის ზარბაზანი. ბურჯებით გამაგრებულ, რიყის ქვითა და დუღაბით ნაგებ მაღალ, ქონგურებიან, ორიარუსიან გალავანში დატანებულია სათოფურები. მთავარი შესასვლელი დას. კედლის შუაშია, იგი XVIII ს. შუა ხანებშია აგებული. მეორე ‒ აღმ. კედლის სამხრ. კიდესთანაა, მიეკუთვნება XVII ს. II ნახევარს. დას. შესასვლელის კორპუსი (აგურისა და რიყის ქვისა) გამოშვერილია და სიმაღლითაც აღემატება გალავანს. ორივე შესასვლელი ორ-ორ სართულიანია.
ბ. ც-ის ეკლესიათაგან ერთი ‒ არჩილის კარის ეკლესია ‒ ქეთევან წამებულის სახელზე აგებული კამარით გადახურული ერთნავიანი, აფსიდიანი პატარა შენობაა. მეორე ‒ ერეკლე II-ისა ‒ თავდაპირველად აგურით ნაგები დარბაზული შენობა იყო, რ-იც XIX ს. I ნახევარში ქალაქის სამრევლო ეკლესიად გადააკეთეს. ზღუდეშივე იყო მოქცეული აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებათა შენობები, ერეკლე II-ის მიერ დაარსებული სემინარია. XIX ს. II ნახევარში დაზიანებული კომპლექსი შეაკეთეს და ახ. შენობებიც დაუმატეს (სას. სასწავლებელი, „ხაზინა“, სატუსაღო, სამრეკლო და სხვ.).
1983 ჩატარდა ბ. ც-ისა და სასახლის საფუძვლიანი რესტავრაცია (არქიტექტორ-რესტავრატორი ზ. მეღვინეთუხუცესი). მრავალი გადაკეთების შედეგად დამახინჯებულ სასახლის შენობას (XVIII ს-ში ჯერ ერეკლე II-მ შეიტანა ცვლილებები; XIX ს-ში იგი საჯინიბოდ გამოიყენეს, შემდეგ ‒ სამაზრო უწყების კანცელარიად, ხოლო ბოლოს აქ წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელი იყო მოთავსებული) დაუბრუნდა პირვანდელი სახე. რესტავრაცია გაუკეთდა აგრეთვე ორივე ეკლესიას, აბანოს, გალავანსა და კოშკებს. შესრულდა სასახლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., XVI–XVIII სს. ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983; ზ ა ქ ა რ ა ი ა პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988; რ ჩ ე უ ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., თელავი, თბ., 1963.