ბერთის ოთხთავი

ბერთის ოთხთავი, ქართული სამწერლობო ენის მნიშვნელოვანი ძეგლი.

გადაწერილია X ს-ში, კერძოდ, სუმბატ III ერისთავთ-ერისთავის (გ. 941) და მისი შვილების ‒ დავითისა (გ. 992) და ბაგრატის (გ. 988) სიცოცხლეში, ე. ი. 988 წლამდე კლარჯეთში, ბერთის მონასტერში. შესრულებულია მრგლოვანი ხელით ეტრატზე ორ სვეტად. შეიცავს 257 ფურცელს. გაირჩევა 4 ხელი, თუმცა მთავარი გადამწერნი არიან ვინმე გაბრიელი და მისი მეუღლე. ბოლო 257-ე ფურცლის v-ზე X ს. ნუსხურით ანდერძია მიწერილი, რ-შც ნათქვამია: „მე, გლახაკი გაბრიელ, და მეუღლე ჩემი ღირს ვიქმენით დაწერად წმიდისა ამის სახარებისა ლავრასა შინა დიდსა ბერთას, საყოფელსა წმიდისა ღმრთისმშობლისასა, სალოცველად მეფეთა ჩუენთა სუმბატ ერისთავთა ერისთავისათჳს და შვილთა მათთჳს დავითისათჳს და ბაგრატისათჳს...“ ხელნაწერში შედის ჩარჩოში ჩასმული მახარებელთა სურათები (1r – 2v), მხატვრულ კამარებში ჩაწერილი ევსების „10 კანონი“ (3r – 5v), ოთხივე სახარების სრული ტექსტი (6r – 257r), რ-იც რედაქციულად ქართ. თარგმანის ძვ., ოპიზურ ვერსიას (პროტოვულგატას), კერძოდ 913 წლის ოპიზურ ხელნაწერს მიჰყვება. მას დაუცავს სხვადასხვა დროის მინაწერები (24 ნუსხური, 2 მხედრული), რ-თაგან აღსანიშნავია ვეფხისტყაოსნის ერთი ტაეპი: „მართლად იტყვის მოციქული: შიში შეიქმს სიყვარულსა“ (237r). ეს ჯერჯერობით პოემის ტექსტის დამოწმების ყველაზე ძველი (XV ს.) ნიმუშია. მინაწერებიდან ჩანს, რომ ხელნაწერი კარგა ხანს გურიაში ინახებოდა, მერე ვინმე გურიელისაგან მოხვედრილა ყარსის სომხ. ეკლესიაში, საიდანაც 1830 ამერ. მისიონერებს სმითსა და დუაიტს სხვა სომხ. და ქართ. ხელნაწერებთან ერთად ამერიკაში წაუღიათ. მათი ექსპედიციის ანგარიშში, რ-იც ორ ტომად გამოვიდა 1833, ბ. ო. არ იხსენიება, ამდენად, იგი ერთი საუკუნე უცნობი იყო სამეცნ. წრისათვის.

1939 ქ. ნიუტონის (მასაჩუსეტსის შტატი) თეოლ. მუზეუმის კურატორმა რ. პირსმა ამ მუზეუმის აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდში აღმოაჩინა ბ. ო. პირსმა 1940 მიიწვია ამერ. ორიენტალისტი, ჰარვარდის უნ-ტის პროფესორი, ქართველოლოგი რ. ბლეიკი, რ-მაც შეისწავლა ეს ხელნაწერი და ტერნერსესიანთან ერთად მის შესახებ 1944 გამოაქვეყნა ვრცელი ნაშრომი. შემდეგ ბ. ო. გადაიტანეს ჰარვარდის კოლეჯის ბ-კაში, საიდანაც 1959 საქართვ. მეცნ. აკად. ცენტრ. სამეცნ. ბ-კამ მიიღო მისი მიკროფილმი.

ცნობილია ბერთის მონასტერში გადაწერილი მეორე ოთხთავიც (ხელნაწერთა ინ-ტის Q – 906), რ-ის ოქროჭედილი ყდის ავტორია ცნობილი ოქრომქანდაკებელი ბეშქენ ოპიზარი.

ლიტ.: ამერიკაში აღმოჩენილია ძველი ქართული ხელნაწერი, «ლიტერატურა და ხელოვნება», 1944, 24 ნოემბ., № 39; ა მ ი რ ა ნ ა შ ვ ი ლ ი  შ., ბერთის ოთხთავის მინიატიურებისა და მხატვრული მორთულობის დათარიღებისათვის, კრ.: „ორიონი“ (აკ. შანიძე), თბ., 1967; მეათე საუკუნის ქართული ხელნაწერი, «კომუნისტი», 1959, 17 მაისი; ტ უ რ ა შ ვ ი ლ ი  ი., ბერთის ოთხთავის მინიატიურებისა და მხატვრული მორთულობის დათარიღებისათვის, «ცისკარი», 1977, № 4; მისივე, ბერთის ოთხთავის მინაწერები «მნათობი», 1979, № 7; B l a k e  R., T e r n e r s e s s i a n  s., The gospel of Berthay. An old-Georgian manuscript of the tenth century «Bizantion», v. 16, f. 1, Boston, 1944.

კ. დანელია