ანდროლოგია

ანდროლოგია (ბერძნ. anēr, ნათ. ბრ. andros - მამაკაცი და logos - სიტყვა, მოძღვრება), მედიცინის დარგი. მოძღვრება მამაკაცის შესახებ. შეისწავლის მამაკაცის ფიზიოლოგიას და პათოლოგიას.

ტერმინი „ა.“ 1950 შემოიღო გერმ. გინეკოლოგმა ჰ. ზიბკემ ‒ რეპროდუქციულ პროცესში მამაკაცის თანაბარი მონაწილეობის აღსანიშნავად, ხოლო 1951 ე. სირენმა პირველმა, ჰამბურგში დააარსა ანდროლოგიის ინ-ტი. ინფორმაცია ა-ის, როგორც დარგის შესახებ პირველად მოგვაწოდა პროფ. ი. ჟორდანიამ.

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც გაიხსნა ა-ის განყ-ბები კვლევის 2 მიმართულებით. თბილისში, ქალის ფიზიოლ. და პათოლ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1989-იდან ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) გაიხსნა ექსპერ. ა-ის ლაბორატორია (გამგე თ. ბეგიაშვილი), ხოლო 1982 შეიქმნა კლინიკური ა-ის განყ-ბა (გამგე თ. დოლიძე). აქ შემუშავდა მამაკაცის უშვილობის მკურნალობის ახ. კომპლექსური მეთოდი. თ. ბეგიაშვილის მონოგრაფია ,,მამაკაცის უშვილობის პათოფიზიოლოგიის საკითხები“ ( 1990) პირველი და ამავე დროს ფუნდამენტური სახელმძღვანელოა ამ სფეროში. მასში გაშუქებულია ა-ის მეცნიერების თეორიული საფუძვლები, მოცემულია მრავალწლიანი კვლევის პრაქტიკული შედეგები, მამაკაცის უშვილობის კლასიფიკაცია და სხვ. 1976 საქართვ. მეცნ. აკად. ა. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტში, ნ. ჭიჭინაძემ დააარსა ა-ის განყ-ბა კვლევის ექსპერიმენტული და ფუნდამენტური მეთოდოლოგიის გათვალისწინებით. 1986 ამ განყ-ბასთან ჩამოყალიბდა ჰორმონებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კვლევის რადიონუკლიდური მიკროანალიზის ლაბორატორია (გამგე მ. დანიელოვი). ვინაიდან მამაკაცი ბიო-სოციალური ერთეულია, მისი თვისებების შესწავლა მხოლოდ სისტემური მიდგომით არის შესაძლებელი. ამდენად ის ‒ მედიცინის, ბიოლოგიის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის და ფილოსოფიის შესწავლის ობიექტია. აღნიშნული კონცეფცია პირველად, ქართველმა ანდროლოგებმა წამოაყენეს, რაც შემდეგ მსოფლიო საზ-ბამ აღიარა. ასევე პირველად, ქართველმა ანდროლოგებმა შეისწავლეს სქესით დეტერმინირებული მამაკაცის კონკრეტული ფსიქოლ. ტიპი, პირობითი სამეცნ. ტერმინით ,,კონცეფციური არამზადა“( ნ. ჭიჭინაძე, კ. ჭიჭინაძე Advances in Psychology research, New York).

საქართვ. ანდროლოგების მიერ ჩატარებულია მრავალი კონფერენცია და სიმპოზიუმი. გამოქვეყნებულია ა-ის აქტუალური პრობლემებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები.

ნ. ჭიჭინაძე