არჩვაძე (ასლამაზიშვილი) ჟანეტა გიორგის ასული ( 19. IX. 1930, თბილისი, ‒ 14. IV. 2017, იქვე), მსახიობი, საქართველოს ტელევიზიის დიქტორი. საქართვ. სახ. არტისტი (1990).
1947‒49 სწავლობდა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე, 1949‒53 ‒ თეატრალურ ინ-ტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ესტრადის მსახიობად. 1955‒57 მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის მსახიობია, სადაც განასახიერა ნანას (რ. ებრალიძის „ნანა“) და ტაისიას (ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“) როლები.
პარალელურად მუშაობდა რადიოში, მიჰყავდა ლიტ. და საბავშო გადაცემები. 1956‒2006 მოჰყავდა სატელევიზიო გადაცემები: „ჯანმრთელობა“, „იავნანა“, „საპოვნელა“, „საესტრადო პანორამა“, „მუსიკალური ფოსტა“, „ცანგალა და გოგონა“, „ცეროდენას ეკრანი“, „იყო და არა იყო რა“, „იავნანას წერილების კვალდაკვალ“, „ბუნების კარი“, „გლობუსი“, „კინოაფიშა“, „30 წუთი კინოსმოყვარულთათვის“, „კინოლექტორიუმი“, „ილუზიონი“ და სხვ.
იყო საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ დიქტორი. 2014 წლის 30 დეკემბერს, პირველი არხის დაბადების დღეს, მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.