„ბორჯომი“

„ბორჯომი“, ნახშირორჟანგიანი ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სამკურნალო სუფრის მინერ. წყალი. საბადო მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვრისა და მისი მარჯვ. შენაკადების ბორჯომულისა და გუჯარეთისწყლის ხეობებში. საბადოს ბაზაზე მუშაობს კურ. ბორჯომი. მინერ. წყაროები საკუთრივ კურორტის ტერიტორიაზე ძველთაგანვე იყო ცნობილი, რასაც ადასტურებს წყაროთა კაპტაჟის დროს მდინარეული ნალექებით დაფარული აბაზანების ნაშთების აღმოჩენა. 1825 მინერ. წყალი ხელახლა აღმოაჩინეს. 1849, 1891–92 და 1912–13 ჩატარდა მინერ. წყლის კაპტაჟი, რასაც თან ახლდა საბადოს გარკვეული ჰიდროგეოლ. კვლევა. მოქმედებდა ორი წყარო–ეკატერინესი (№ 1) და ევგენის (№ 2), რ-თა ჯამური დებიტი დღ-ღ-ში 100 მ³-მდე იყო. საბადოს დეტალური ჰიდროგეოლ. კვლევა 1927 დაიწყო, რ-იც ახლაც გრძელდება. 1927–36 ბორჯომის ანტიკლინის ვიწრო ზოლში გაიყვანეს სხვადასხვა დანიშნულების მრავალი ჭაბურღილი. გამოვლინდა 3 ახ. უბანი (მტკვრის, გუჯარეთისწყლისა და ლიკანის). ბურღვით წყლის ჯამური დებიტი მკვეთრად გაიზარდა (500 მ³/დღ-ღ-ში). 1954-იდან საკვლევი რ-ნი გაფართოვდა. მინერ. წყალი აღმოჩნდა ვაშლოვან–ყვიბისის უბანზე (1956–58). 1989 ლიკანის უბანზე დებიტი იყო 75 მ³/დღ-ღ, კურორტის ცენტრ. უბანზე – 180 მ³/დღ-ღ, ვაშლოვან-ყვიბისის უბანზე – 390 მ³/დღ-ღ.

საბადოს კვლევით დადგინდა, რომ ნაპრალების გზით ღრმად ფორმირებული მინერ. წყალი ე. წ. „ენების“ და „გუმბათისებრი“ ნაკადების სახით შემოჭრილია პალეოცენურ ფლიშურ ნალექებში. წყლის ბუნებრივი განტვირთვა ხდება ბორჯომულის, გუჯარეთისწყლისა და მტკვრის ხეობებში, ხელოვნური (ჭაბურღილებით) – ლიკანისა და ვაშლოვან–ყვიბისის უბნებზე. დადგენილია მინერ. წყლის 3 ძირითადი ქიმ. სახეობა:

CO20,8M6,0-6,8(HCO3 83-85)/(Na+K)88;

CO2 0,7M5,5-5,7 (HCO3 88)/(Na+K)76;

CO2 0,7M5,8-7,2 (HCO3 85-87)/((Na+K)94-95).

ნახშირორჟანგის გარდა მინერ. წყალი აირთაგან შეიცავს მეთანს, აგრეთვე – მიკროელემენტებს: Li, Sr, B, Al, Mn, Cu, F, Br, J და სხვ. წყლის ტემპ-რა 19–38°C. წყლის ჩამოსხმა წარმოებს 1854-იდან, სამრეწვ. ჩამოსხმა – 1890-იდან. „ბ.“ მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

„ბ-ს“ იყენებენ ქრონ. გასტრიტის, კოლიტის, პანკრეატიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ღვიძლის, სანაღვლე და შარდსადენი გზების ქრონ. დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლის (შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ოქსალურია, შარდმჟავა დიათეზი, ფოსფატურია) და სხვათა სამკურნალოდ.

ლიტ.: Г а м к р е л и д з е  И. П., Л о б ж а н и д з е  Г. П., Геология центральной Аджаро-Триалетии и проблема боржомской минеральной воды, Тб., 1984; Ч и х е л и д з е  С. С.. Минеральные воды, წგნ.: Природны ресурсы Грузинской ССР, т. 3, М., 1961.

ტ. ჩიჩუა

ვ. ჯალიაშვილი