ბუღაძე გიორგი უშანგის ძე (დ. 24. IX. 1956, თბილისი), ფერმწერი.
1975–81 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკ-ტზე. 1986–96 იყო საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი და ახალგაზრდული კავშირის თავ-რე. 1981-იდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში, ასევე აწყობს პერსონალურ გამოფენებს საქართველოში და საზღვარგარეთ. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო მრავალი ქვეყნის (აშშ, იტალია, გერმანია, ბელგია, ავსტრია, ინგლისი, შვეიცარია, ესპანეთი) ქალაქებში.
ბ-ის ნამუშევრები გამოირჩევა ეროვნულობის მძაფრი განცდით, ისტ. სიტუაციის ღრმა გააზრებით. მისი შემოქმედების მხატვრული აზროვნების თავისთავადობას განსაზღვრავს ფერწერულ-ხატოვანი მეტაფორები, მეტყველი კოლორიტი. ბ-ის დაზგური ფერწერული ნამუშევრებია: კომპოზიცია „რესტავრაცია“ (1985, წლის საუკეთესო ნამუშევარი), სერიები „ქართლის ცხოვრება“ (1978), „საჩუქარი პრინცესასათვის“ (1988; ყველა დ.შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეა), „ექვთიმე თაყაიშვილი“ (1988, კერძო კუთვნილება), მეგასერია „აპოლონური ტრაგედიები“ (1990), „დანტე“, „ჯვრის ზიდვა“ (1993; ორივე კერძო კუთვნილება) და სხვ.; კედლის მხატვრობა – საქართველოში (საქართვ. პარლამენტი, სტუ, ილიას სახ. უნ-ტი, საქართვ. ბანკის სათაო ოფისი, ბათუმის პიაცა, ბორჯომის პარკის ბელვედერი და სხვ.); საფრანგეთში (წმ. ნინოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია), აშშ-ში (ლუიზიანას უნ-ტის „თავისუფალი სიტყვის დარბაზი“); გერმანიაში (ბერლინის მარტინ ლუთერ კინგის ეკლესია).
1985–90 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ი.ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში; 1996–2000 – შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. და კინოს უნ-ტში; 1996–2011 –თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (2003-იდან – პროფესორი), იყო ამავე სასწავლებლის პრორექტორი (2001–03), რექტორი (2003–11); 2010-იდან დღემდე მოღვაწეობს ილიას სახ. უნ-ტში.
ბ. არის რამდენიმე წიგნის ავტორი, გაფორმებული აქვს ფილმები და სხვადასხვა გამოცემა. წლების განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რადიოში იყო რამდენიმე საავტორო გადაცემის წამყვანი ხელოვნებისა და კულტურის თემებზე, აგრეთვე ჩაწერილი აქვს ლექციების ციკლი TV ARTAREA- ზე. არის ICOM-ის წევრი.
მიღებული აქვს საფრანგეთის პრეზიდენტის პრიზი (1990; ქართვ. მხატვართა ჯგუფთან ერთად); ი. გოგებაშვილის, ანტონ კათალიკოსის (ორივე 1993), ივ. ჯავახიშვილის (2001), ვატიკანის „კარლოსმაგნუსის (2002) მედლები და ღირსების ორდენი (2005).
ი. ქარაია