ბაუერი მარიამ ბენიამინის ასული [16 (29). V. 1909, თბილისი, - 6. IX. 1995, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში], ბალეტის მსახიობი, პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1955).
1925 დაამთავრა მ. პერინის საბალეტო სტუდია თბილისში. იმავე წელს ჩაირიცხა თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტად. 1929–30 კვალიფიკაციის ასამაღლებლად მეცადინეობდა ლენინგრ. ქორეოგრაფიულ ტექნიკუმში (პედ. მ. რომანოვასთან), 1930 – 60 კვლავ თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. ერთდროულად 1935–42 პედაგოგად მუშაობდა თბილ. ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 1960-იდან თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორია.
შეასრულა პარტიები: გულნარა (ჩ. პუნის „კორსარი“), ზარემა (ბ. ასაფიევის „ბახჩისარაის შადრევანი“), თოჯინა (ლ. დელიბის „კოპელია“), ოდეტა (პ. ჩაიკოვსკის „გედის ტბა“), ტაო-ხოა (რ. გლიერის „წითელი ყაყაჩო“) და სხვ. ბ-ის შესრულებას ახასიათებდა ექსპრესია, ცეცხლოვანი ტემპერამენტი, სტილის ფაქიზი გრძნობა, დახვეწილი ტექნიკა და მდიდარი მიმიკა. ბ-ის ნიჭის თავისებურებანი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა სახასიათო პარტიებში: ქუჩის მოცეკვავე (ლ. მინკუსის „დონ კიხოტი“), ესპ. ცეკვა (პ. ჩაიკოვსკის „გედის ტბა“), ინდური ცეკვა (დ. თორაძის „გორდა“; სტალინური. პრემია, 1951).
ლ. გვარამაძე