ბერიკლდეები

ბერიკლდეები, მრავალფენიანი ნამოსახლარი და სამაროვანი სოფ. ბებნისის ტერიტორიაზე (ქარელის მუნიციპალიტეტი), მდ-ების მტკვრისა და აღმოსავლეთის ფრონის (დვანისწყლის) შესართავთან, ბუნებრივ ბორცვზე.

არქეოლ. შესწავლა მიმდინარეობდა 1979-იდან (ხელმძღვანელები ა. ჯავახიშვილი, ი. გაგოშიძე). ნამოსახლარზე დადასტურებულია რამდენიმე კულტ. ფენა.

I (ქვედა) ფენა ადრინდ. სამიწათმოქმედო ხანისაა. მასში გამოვლენილია ალიზით ნაგები ზღუდისა და სათავსებიანი სწორკუთხა შენობის ნაშთები. შენობის ცენტრში იატაკზე მოლესილი, წრიული, ერთხელ განახლებული კერა იყო. გათხარეს აგრეთვე მიწაში ჩაჭრილი სამეურნეო ან საკულტო დანიშნულების ორმოები. ამ ფენაში ნაპოვნია ორგვარი თიხის ჭურჭელი; პირველი ‒ უხეში, ქარსიანი და მეორე ‒ კარგად ნამზადი, ნამჯანარევი, ანგობირებული. პირველი ახლოს დგას დას. ამიერკავკ. ენეოლითურ ძეგლებთან, მეორე კი ‒ საქართვ. სამხრ.-აღმ. ტერიტორიაზე გამოვლენილ მასალასთან (სიონის ტიპის). აღმოჩენილია აგრეთვე სპილენძის რამდენიმე ნივთი (მ. შ. სამაჯური), კაჟის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ლამელა, თიხის ასტრალურნიშნიანი კვირისტავი, ძვლის სახვრეტები, სადგისები და სხვ.

მომდევნო, მეორე ფენა მტკვარ-არაქსის კულტურას განეკუთვნება. გამოვლენილია სარ-ლასტიანი, წრიული შენობების ნაშთები, რ-თა ცენტრში კერებია. ნაპოვნია შიდა ქართლის ადრინდ. მტკვარ-არაქსის ხანის მასალა (კერამიკა, ძვლის ნივთები და სხვ.).

მესამე ფენა ე. წ. ბედენურ კულტურას (იხ. ბედენის გორასამარხები) ეკუთვნის. მასში დადასტურებულია რამდენიმე სამშენებლო ჰორიზონტი. გათხრილია მართკუთხა, ბათქაშით შელესილი ძელური შენობების ნაშთები, რ-თა ცენტრში რამდენიმენაირი წრიული კერები იყო. აღმოჩნდა აგრეთვე სხვადასხვა ფორმის, რქისებრშვერილიანი სამსხვერპლო ბაქნები თუ საკურთხევლები და უამრავი სხვადასხვა დანიშნულების (სამეურნეო, საკულტო) ორმო. კერამიკის ნაწილი ფორმით, გამოწვით დამუშავებით ახლოს დგას ე. წ. ბედენურ ჭურჭელთან. გვხვდება ახ. ტიპის კერამიკაც. მცირეა ლითონის ნაწარმი (მცირე ზომის ფოთლისებრი სატევრები, ოთხწახნაგა ისრისწვერები, საკინძის ტიპის ნივთები, ნემსი და სხვ.). ნაპოვნია ობსიდიანის ორფრთიანი ისრის წვერები, კაჟის ნამგლის ჩასართები, ბაზალტის ხელსაფქვავის ნაწილები, ძვლის დომინოსებრი მძივები, ძვლისა და რქის სახვრეტები, კვერთხისებრი ნივთები. ყველა სამშენებლო ჰორიზონტზე აღმოჩნდა უამრავი მარცვლეული. ზედა, გვიანდ. ბრინჯაო-ადრინდ. რკინის ხანის ფენა, ძლიერ არის დაზიანებული. მასში შემორჩენილია მხოლოდ ცალკეული შენობებისა და საკულტო ბაქნების ნაშთები, აგრეთვე რამდენიმე ორმო, რ-ებშიც ჭურჭლის (ქილები, ქოთნები, ხელადები, ლანგრები) ფრაგმენტები აღმოჩნდა. ნამოსახლარზე გათხარეს შუა ბრინჯაოს ხანის რამდენიმე ჩაშვებული ორმოსამარხი. სამარხეული მასალა (დერგები, ბადიები) შიდა ქართლის სხვა ადგილებში აღმოჩენილი შუა ბრინჯაოს ხანის მასალის მსგავსია.

ბ-ის ნამოსახლარის ჩრდ.-აღმ-ით და აღმ-ით აეროფოტოგადაღებით გამოვლენილია ყორღანული ველი. ყორღანების განლაგებაში (მათი რაოდენობა სამ ათეულს აღემატება) გარკვეული კანონზომიერებაა. ისინი განლაგებულია მდ. მტკვრის გაყოლებით რამდენიმე რიგად. პირველი რიგი ფლატის პირასაა. რიგებს შორის მანძილი 70–100 მ-ია, რაც უფრო დაშორებულია ნამოსახლარს, მით უფრო კლებულობს ყორღანთა სიხშირე, სამაგიეროდ მატულობს მათი ზომა. ყორღანებს აქვს აღმ-იდან დას-კენ დამხრობილი ოვალური მოყვანილობის რიყის ქვისა და მიწის ყრილი, რ-თა დიამეტრი მერყეობს 10–15 მ-იდან 40 – 50 მ-მდე, ხოლო სიმაღლე 0, 50–2, 50 მ-ია. გათხარეს 7 ყორღანული სამარხი, მ. შ. ერთი ადრინდ. ბრინჯაოს ხანისაა (ე. წ. ბედენურ კულტურას მიეკუთვნება), 5 ‒ შუა ბრინჯაოს ხანისა, ხოლო 1 ‒ შუა ბრინჯაოს ხანიდან გვიანდ. ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი პერიოდისა. ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ყორღანში აღმოჩნდა ხის ოთხთვალა ეტლის ნაშთები, სხვადასხვა ზომის თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ყუნწიანი სატევარი, ვერცხლისგარსაკრავიანი სპილენძის ცილინდრულთავიანი საკინძი, სარდიონის მძივები და ობსიდიანის მასიური ანატკეცები. შუა ბრინჯაოს ხანის № 2 ყორღანში აღმოჩნდა მოზრდილი ადამიანისა და ბავშვის ძვლების ნაშთი, დიდი ზომის რელიეფურორნამენტიანი, შავპრიალა, ვარდისფერსარჩულიანი ჭურჭელი და 2 ხარის ჩონჩხის ნაშთი. როგორც ჩანს, აქ მიცვალებული დაუმარხავთ ხარებშებმული ეტლით. ამავე ხანის № 3 ყორღანში აღმ. კედელთან ოვალური შვერილია. მის ორივე მხარეს ნიშებია, რ-ებშიც ხარის თავები ეწყო. სამარხში აღმოჩნდა თიხის დიდი ზომის ჭურჭელი და დანახშირებული ხის ნაშთი. № 2 და № 3 ყორღანების ყრილში გამოვლინდა ძვ. წ. VII–VI სს. 7 ჩაშვებული სამარხი. სამი მათგანი ქვიშაქვის ფილებისაგან შექმნილი მცირე ზომის ქვაყუთი იყო. მიცვალებულები ჩასვენებული იყვნენ ხელფეხმოკეცილად. ჩატანებული ჰქონდათ ლეგა და რუხი ფერის თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს საკინძები, მინისა და სარდიონის მძივები, ქარვისაგან გამოკვეთილი დათვის 2 ფიგურა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია შუა ბრინჯაოს ხანიდან გვიანდ. ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი პერიოდის № 4 ყორღანი. დასაკრძალავ ორმოში მარჯვ. გვერდზე, ხელფეხმოკეცილი, თავით დას-კენ ესვენა მამაკაცი. იგი შემკული იყო მრგვალი, გვერდებაკეცილი, წითელი და ცისფერი პასტით ინკრუსტირებული ბრინჯაოს ფირფიტითა და სარდიონის მძივებით. მის ფერხთით მჯდომარე პოზაში ესვენა ახალგაზრდა ქალი, რ-საც მდიდრული სამკაული ჰქონდა ჩატანებული: ვერცხლის დიადემა, ვერცხლის ღეროიანი და ოქროსთავიანი საკინძი, ყელზე ეკიდა ოქროს ნახევარმთვარის ფორმის საკიდები, ცვარათი შემკული ოქროს სფერული მძივები, სარდიონის, გიშრისა და პასტის სხვადასხვა ზომისა და ფორმის მძივები და რკინისაგან დამზადებული რაღაც სამკაული. სამარხში აღმოჩნდა აგრეთვე ორცხენშებმული ეტლის ცალკეული ნაწილები. შემორჩა კოფო და სპილენძისგარსაკრავებიანი ლარშეხსნილი მშვილდის ფორმის უღელი, რ-ის ბოლოები ცხენების კისრის მალებზე იდო. სამარხის აღმ. ნაწილში გამოვლინდა 4 ხარის თავ-ფეხი, რ-იც პასტისა და სარდიონის მძივებით იყო შემკული. აგრეთვე ცხვრის, ღორისა და ძაღლის ძვლები. სამარხში აღმოჩნდა წინააზიური ტიპის მახვილი და ბრტყელი დანა, ბრინჯაოსა და კაჟის ისრისპირები, გლუვღეროიანი ლაგამი, ცხენის ბრინჯაოს ფირფიტოვანი საშუალებები, უღლის ბრინჯაოს 2 შტანტარტი, დიდი რაოდენობით მდიდრულად ორნამენტირებული თიხის ჭურჭელი და სხვ.

მ. ჯალაბაძე

ი. ქორიძე