ბერიტაშვილი ივანე სოლომონის ძე

ბერიტაშვილი ივანე სოლომონის ძე [29. XII. 1884 (10. I. 1885), სოფ. ვეჯინი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ‒ 29. XII. 1974, თბილისი], ფიზიოლოგი, ფიზიოლ. სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. საქართვ. მეცნ. აკად. (1941), სსრკ მეცნ. აკად. (1939) და სსრკ მედ. მეცნ. აკად. (1944) აკადემიკოსი. საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1935).

პეტერბ. უნ-ტის დამთავრების (1910) შემდეგ იქვე დაიწყო მუშაობა ნ. ვედენსკის ხელმძღვანელობით (1910 – 15). 1912 მიავლინეს ქ. ყაზანში ა. სამოილოვის ლაბორატორიაში, შემდეგ ‒ ჰოლანდიაში, ქ. უტრეხტში რ. მაგნუსის ლაბორატორიაში (1914 – 15). 1915 – 19 ოდესის უნ-ტის პრივატდოცენტი იყო. 1919-იდან მოიწვიეს თსუ-ში, სადაც დააარსა ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლ. კათედრა და მისი უცვლელი მეცნიერული ხელმძღვანელი იყო გარდაცვალებამდე. 1935-იდან აღნიშნული კათედრის ბაზაზე დაარსებული ფიზიოლ. ინ-ტის დირექტორი იყო, ხოლო 1951-იდან გარდაცვალებამდე ინ-ტის სამეცნ. ხელმძღვანელი.

ბ-ს ეკუთვნის მრავალი ფუნდამენტური ნაშრომი: კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის, უმაღლეს ხერხემლიან ცხოველთა ქცევის მექანიზმებისა და მათი სივრცითი ორიენტაციის, ხერხემლიან ცხოველთა მეხსიერების მახასიათებლების და წარმოშობის შესახებ. ბ. მრავალი აღმოჩენის ავტორია ფიზიოლ. დარგში. მან დაადგინა ზურგის ტვინის პროპრიოცეპტული, მოტორული ელემენტებისა და ჟელატინოზური სუბსტანციის როლი კიდურთა ფაზურ კოორდინირებულ მოძრაობებში (1909 – 14), ჩონჩხის კუნთების რეციპროკული შეკავების რიტმული ბუნება (1912 – 14), კისრისა და ლაბირინთულ-ტონური რეფლექსების ნერვული მექანიზმი (1914 – 15), პირობითი რეფლექსების გამომუშავების დროს ორმხრივი დროებითი ნერვული კავშირის წარმოშობა (პირდაპირი და უკუქცევითი დროებითი ნერვული კავშირები, 1916 – 22); პირობითი რეფლექსების წარმოშობა გაღიზიანებათა უკუშეუღლებისას (1917), ნეირონთა გარკვეული კომპლექსის აგზნების ზოგადი შეკავების ერთდროული აღმოცენება ქცევითი აქტის დროს (1927 – 35), ინდივიდუალურად შეძენილი კვებითი ან თავდაცვითი ქცევის განხორციელება საკვების ან დამაზიანებელი აგენტისა და მათი ადგილმდებარეობის ერთჯერადი აღქმისას და ქცევის რეგულირება საკვების ან ცხოველის მტრის ადგილმდებარეობის რეპროდუქციით (1932 – 35), ხატური ფსიქონერვული მოქმედების არსებობა უმაღლეს ხერხემლიან ცხოველებში და ამ მოქმედებაში ტვინის ქერქული და ქერქქვეშა ელემენტების როლი (1935, 1947, 1961, 1969), პირობითი რეფლექსის ავტომატური უნებლიე ხასიათი (1961 – 69), სივრცეში ადამიანისა და ცხოველის ორიენტაციის ნერვულ-ფსიქიკური მექანიზმი (1959), ხატური და ემოციური მეხსიერება, მისი დახასიათება და წარმოშობა (1967) და სხვ. ბ. იყო ი. პავლოვის სახ. ფიზიოლოგიურ მეცნიერებათა სრულიად საკავშირო საზ-ბის საპატიო წევრი (1970), ნიუ-იორკის მეცნ. აკად. საპატიო წევრი (1959), ტვინის გამოკვლევის საერთაშ. ორგანიზაციის საპატიო წევრი (1960), ამერიკის ელექტროენცეფალოგრაფიული საზ-ბის (1947), უმაღლესი ნერვული მოქმედების საერთაშ. კოლეგიის (1969), ამერ. ბიოლოგიური ფსიქიატრიის საზ-ბის (1969) საპატიო წევრი; ქართული ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქ. სსრ I – VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

1941 მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია, 1938 ‒ ი. პავლოვის სახ. პრემია, ხოლო 1963 ‒ ი. სეჩენოვის სახ. პრემია.

სოციალ. შრომის გმირი (1964).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ცხოველთა ფიზიოლოგია, ტ. 1 – 2, თბ., 1920 – 21; ნერვული და ფსიქონერვული მოქმედების ძირითადი ფორმები, თბ., 1947; К Учению о лабиринтах в шейных тонических рефлексах, «Известия Академии наук», VI серия 1915 т. 9; Индивидуально-приобретенниая деятельность центральной нервной системы, Тфл., 1932; Общая физиология мышечной и нервной системы, М., 1937; О нервных механизмах пространственной ориентации высших позвоночных жывотных, М., 1961; От спинномозговой координации движения до психонервной интеграции поведения, «Вестник АН СССР», 1966, № 7; Об образной психонервной деятельности животных, М., 1966; Память позвоночных животных, ее характеристика и происхождение, Тб., 1968 (ინგლ. ენაზე - 1971); Структура и функция коры большого мозга, М., 1969.

ლიტ.: ძ ი ძ ი შ ვ ი ლ ი  ნ., ივანე ბერიტაშვილი, თბ., 1962; ივანე სოლომონის ძე ბერიტაშვილი. ბიობიბლიოგრაფია, თბ., 1957; 1977; В о р о н ц о в  Д. С., Академик Иван Соломонович Бериташвили (Беритов), К 70-летию со дня рождения и 45-летию научной и педагогической деятельности, «Физиологический журнал», 1956, т. 42, № 1, с. 120.

ა. ქორელი