ბერიძე ვახტანგ ვუკოლის ძე

ვ. ბერიძე

ბერიძე ვახტანგ ვუკოლის ძე (30. V. 1914, ქუთაისი, ‒ 21. XII. 2000, თბილისი), მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1974), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1959), პროფესორი (1960), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1964), საქართვ. მეცნ. აკად. გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნ. ისტ. ინ-ტის დირექტორი (1973–88), საპატიო დირექტორი (1988-იდან), ქართ. ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს წევრი, 1992-იდან ‒ თავ-რე. თბილ., ახალციხის, ხონის, იყალთოს, სოფ. უდაბნოს საპატიო მოქალაქე.

1936 დაამთავრა ამიერკავკ. ინდუსტრ. ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტის საარქიტექტორო განყ-ბა, 1938 თბილ. სამხატვრო აკად. ასპირანტურა ხელოვნ. ისტორიის განხრით. 1935 დაიწყო პედ. მოღვაწეობა (ასწავლიდა ინდუსტრ. ინტ-ში, თეატრ. ინ-ტში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ბ-ის ნაშრომებში განხილულია ქართ. ხელოვნ. ისტორიის საკითხები ადრინდ. ფეოდ. ხანიდან დღემდე. „ტაო-კლარჯეთის ძეგლების ადგილი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში“ (1981, რუს. და ფრანგ. ენებზე) ფაქტობრივად პირველი წიგნია, რ-იც ხელოვნებათმცოდნეობის პოზიციიდან იხილავს საქართვ. ამ მეტად მნიშვნელოვანი ისტ. პროვინციის VIII–X სს. ხუროთმოძღვრებას მთლიანად ქართ. ხუროთმოძღვრებასთან ორგ. კავშირში. ნაშრომში „ზოგი ასპექტი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრებისა X ს. II ნახევრიდან XIII ს. დასასრულამდე“ (1967, რუს. და ფრანგ. ენებზე) ასახულია ქართ. ხუროთმოძღვრების თვითმყოფობა და მისი ადგილი მახლობელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანული ხელოვნების საერთო განვითარებაში; გამოკვლევაში „სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII – XVI საუკუნეები“ (1955) განხილულია ქართ. ხუროთმოძღვრების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი, მოცემულია იმხანად მომხდარი სტილისტური ევოლუციის ანალიზი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „XVI–XVIII სს. ქართულ ხუროთმოძღვრებას“ (საერო და საეკლესიო, ტ. 1 – 2, თბ., 1983 – 94), რ-იც ავსებს ქართ. არქიტექტურის ისტ. მანამდე შეუსწავლელ პერიოდს და ევოლ. საინტერესო სურათს წარმოადგენს. ორტომეულში „თბილისის ხუროთმოძღვრება. 1801 – 1917 წლები“ (1960, 1963) უცნობი საარქივო მასალის გამოყენებით ნაჩვენებია ქართ. ხუროთმოძღვრების განვითარების სურათი იმ პერიოდში, რ-იც წინ უსწრებდა და ამზადებდა თანამედროვე ქართ. ხელოვნებას. ბ. ავტორია წიგნისა „ძველი ქართველი ოსტატები“ (1967), რ-იც წარმოადგენს შუა საუკ. ხუროთმოძღვრების, მხატვრების, მინიატიურისტების, კალიგრაფების, ოქრომქანდაკებლების ენციკლოპედიური ხასიათის ლექსიკონს. წიგნი „ქართული ნაქარგობის ისტორიიდან. გარდამოხსები“ (1983) ეროვნ. გამოყენებითი ხელოვნების ამ დარგის პირველი მონოგრაფიული გამოკვლევაა. 1992 გამოაქვეყნა ნარკვევი „კულტურა და ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოში (1918–1921 წლები)“, რ-შიც პირველად არის წარმოდგენილი იმ წლების ინტენსიური მეცნიერული და შემოქმედებითი ცხოვრების სურათი.

ბ-ის ნაშრომებში დიდი ადგილი უჭირავს თანამედროვე ხელოვნების შესწავლის საკითხებს. წიგნში „საბჭოთა საქართველოს ხელოვნება. 1921 – 1970“ (მოსკოვი, 1975, ნ. ეზერსკაიასთან ერთად, რუს. ენაზე), მოცემულია თანამედროვე ქართ. ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების განვითარების რთული გზის საფუძვლიანი კვლევა. ბ-ის თანამედროვე ქართ. არქიტექტურისადმი მიძღვნილი ნაშრომები ფუძემდებლურია ქართ. ხელოვნების ამ ეტაპის მეცნ. გაშუქების თვალსაზრისით. ბ-ის კრიტ. ხასიათის წერილებში, სტატიებში, ნარკვევებში მოცემულია ქართ. ხელოვნ. ისტ. მნიშვნელობის მცდარი გაშუქების კრიტიკა, განხილულია თანამედროვე ეროვნ. არქიტ., ქალაქთა ძვ. რ-ნების დაცვის, ისტ. მემკვიდრეობის ათვისების საკითხები. მას ეკუთვნის მონოგრაფიები გამოჩენილ ქართვ. მხატვრებზე (ნიკო ფიროსმანიშვილი, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი).

აკად. ვახტანგ ბერიძე ბოლნისის სიონის შესახებ: https://www.youtube.com/watch?v=2xC23uqeq-g

იგი ავტორია შუა საუკ. ქართ. ხუროთმოძღვრების ისტორიული ნარკვევებისა ქართ., რუს., გერმ. ენებზე, თანაავტორია ქართ. ხელოვნებისადმი მიძღვნილი წიგნებისა იტალ., ინგლ, ენებზე, რ-ებიც გამოცემულია იტალიაში, ინგლისში. ბ. იყო ერთ-ერთი მოთავე და ორგანიზატორი ქართ. ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშ. სიმპოზიუმებისა (I მოეწყო 1974, ტარდებოდა ყოველ სამ წელიწადში მონაცვლეობით იტალიასა და საქართველოში, ბოლო მოეწყო 1989). რ-თაც დიდად შეუწყვეს ხელი ქართ. ხელოვნებისადმი მეცნ. ინტერესის გაღრმავებასა და გაფართოებას მსოფლიო ასპარეზზე.

ბ. სისტემურად ეწეოდა ქართ. ხელოვნ. პოპულარიზაციას ნარკვევების, საჯარო ლექციებისა და სატელევიზიო გამოსვლების საშუალებით.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): სავანე - XI ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, «ქართული ხელოვნება», 1942, ტ. 1; გიორგი ჩუბინაშვილი, თბ., 1963; ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974; მოგონებები, თბ., 1987; ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის 50 წელი, თბ., 1993; Против искажения истории грузинского искусства, Тб., 1949; Письмо в редакцию журнала «Мацне» (Еще раз о храме Джвари, о взаимоотношениях грузинской и армянской архитектур и некоторых статьях, касающихся этих вопросов), «მაცნე», 1970, № 6; Грузинская архитектура „раннехристианского“ времени (IV – VII вв.), Тб., 1974; Die Baukunst des Mittelalters in Georgien vom 4. Bis zum 18. Jahrhundert, B., 1980; W.-Münch., 1981 (თანაავტ. E. Neubauer); Art and Arlchitecture in Medieval Georgia, Louvain – La-Neuve, 1980 (თანაავტ.); I tesori della Georgia, Mil., 1983 (თანაავტ).

ნ. ჯანბერიძე