ბერიძე მერაბ ალექსანდრეს ძე

ბერიძე მერაბ ალექსანდრეს ძე (25. VI. 1932, ხაშური, ‒ 25. IV. 1990, თბილისი), გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1984).

დაამთავრა თსუ (1956). 1956-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტში, 1988–90 იყო ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში. ბ-მ დიდი წვლილი შეიტანა გ. ძოწენიძის მიერ ჩამოყალიბებულ გეოლ. მეცნ. ახალი დარგის ‒ ვულკანოგენურ-დანალექი ლითოგენეზისის განვითარებასა და დამკვიდრებაში. 1976-იდან ხელმძღვანელობდა ყოფ. სსრკ მეცნ. აკად. საუწყებათაშორისო ლითოლოგიური კომიტეტის ვულკანოგენურ-დანალექი ლითოგენეზისის სექციას.

იყო ტურბიდული სედიმენტოგენეზისის კვლევის პიონერი საქართველოში. ბ-ის სამეცნ. მოღვაწეობამ საერთაშ. აღიარება მოიპოვა. იყო სედიმენტოლოგთა საერთაშ. ასოციაციის წევრი, მონაწილეობდა რამდენიმე საერთაშ. გეოლ. პროექტის, მ. შ. იუნესკოს საერთაშ. გეოლ. კორელაციის 198 პროექტის (ოკეანე ტეთისის ჩრდ. კიდის ევოლუცია) შესრულებაში.

ფუნდამენტურ კვლევებთან ერთად ბ. დიდ ყურადღებას უთმობდა პრაქტ. გეოლ. მოღვაწეობას ‒ ნაყოფიერი სამუშაოები აქვს ჩატარებული სამხრ. საქართველოსა და აფხ. მადნიან რ-ნებში. მის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საფუძვლად დაედო ჟინვალის, არხოტისა და ტარსკოეს (ჩრდ. ოსეთი) გვირაბების პროექტებს.

თხზ.: კავკასიონის სამხრეთი ფერდის ქვედა და შუაიურული ნალექების ლითოლოგია ზემო რაჭის ფარგლებში, თბ., 1970; Геосинклинальный вуллканогенно-осадочный седименто- и литогенез (на примере раннеальпийских Формаций Большого Кавказа). Тб., 1983; юрские осадочные геокомплексы Грузии и Болгарии, Тб., 1984; Paleogeography of the Ukrainian Carpathians, the Crimea and the Caucasus, «Mémories de la société Géologique de France». Nouvelle Série, № 154 (III). P., 1990.

მ. ლორთქიფანიძე