ბერნშტაინი ერიკ ადოლფის ძე

ბერნშტაინი ერიკ ადოლფის ძე (1891, ბოლნისი, ‒ 1941), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი ბერლინსა და კონსტანტინოპოლში. წარმოშობით გერმანელი.

სწავლობდა თბილისში, შემდეგ გერმანიაში. ეხმარებოდა ჭიათურის ქართველ მრეწველებს ევროპაში მარგანეცის გასაღებაში. 1918 მაისში დაინიშნა საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის წარმომადგენლად და განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებლად კონსტანტინოპოლში.

1918 ზაფხულში გაგზავნეს ბერლინში. იქ ბ. დაუკავშირდა გერმანიის სოციალ-დემოკრ. პარტიის ლიდერებს ედ. ბერნშტაის, კ. კაუცკისა და რაიხსტაგის სხვა დეპუტატებს. საქართვ. დამოუკიდებლობის აღიარების მისაღწევად იღვწოდა საქართვ. რესპ. დიპლომატიური მისიის წევრებთან ერთად, თარჯიმნობდა მოლაპარაკებათა დროს.

1919 დაინიშნა გერმანიაში საქართვ. პოლიტიკური წარმომადგენლობის მრჩევლად. იმავე წელს, ივლისში, მისი ხელშეწყობით ჰამბურგიდან სამშობლოში დაბრუნდა ათასზე მეტი ყოფ. ქართველი ტყვე.

ფ. სიხარულიძე