გაბაშვილი ვლადიმერ მიხეილის ძე (21. III. 1921, თბილისი, – 22. VII. 2000, იქვე), ნევროპათოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1971), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1980), საქართვ. მედ. მეცნ. აკად. წევრი (1994). 1943 დაამთავრა სარატოვის სამედ. ინ-ტი. 1943–45 მონაწილეობდა II მსოფლიო ომში, სადაც ჯერ პოლკის, შემდეგ ბრიგადის უფროსი ექიმი იყო. 1946–50 მუშაობდა ექიმთა დახელოვნების თბილ. სახელმწ. ინ-ტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე, 1952–58 მოსკოვში – სსრკ მედ. მეცნ. აკად. ნევროლოგიის ინ-ტში მეცნ. თანამშრომლად. 1958-იდან მუშაობდა საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერ. ნევროლოგიის ინ-ტში, სადაც 1968–84 განაგებდა კლინიკურ განყ-ბას, 1984–89 იყო აკად. პ. სარაჯიშვილის სახ. კლინიკური და ექსპერ. ნევროლოგიის ინ-ტის დირექტორი, 1989-იდან – მრჩეველი.
გ. შეისწავლიდა კოორდინაციული ნევროზების კლინიკასა და მკურნალობას, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიის პათოგენეზს და მკურნალობას, ეპილეფსიის პათოგენეზს და სხვ. 1984 ეპილეფსიის პრობლემის შესწავლისათვის მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია. 1984–90 იყო სსრკ მედ. მეცნ. აკად. ნევროლოგიის სამეცნ. საბჭოს თავ-რის მოადგილე და სსრკ მედ. მეცნ. აკად. ნევროლოგიის ინ-ტის სამეცნიერო საბჭოსთან არსებული ეპილეფსიის საპრობლემო კომისიის თავ-რე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები, ღირსების ორდენი (1996). ვაკის რ-ნში არის მისი სახელობის ქუჩა.
თხზ.: Писчий спазм. Тб., 1961; Функция магистральных артерий мозга при церебральной дисциркуляции, Тб., 1979; Эпилептические припадки при сосудистых заболеваниях головного мозга, Тб., 1986 (თანაავტ.: Э. С. Прохорова, Р. Р. Шакаришвили).