გაბაშვილი იოსებ (სოსო) ილიას ძე [15 (28). II. 1908, ვლადიკავკაზი, – 17. I. 1973, თბილისი], გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი. საქართვ. სახ. მხატვარი (1970). სწავლობდა ჯერ თბილ. ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც ი. ნიკოლაძე ასწავლიდა ხატვას, 1925–30 კი – თბილ. სამხატვრო აკადემიაში ი. შარლემანთან, გ. გაბაშვილთან, ე. ლანსერეთან. 1934-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1962-იდან პროფესორი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1927-იდან.
თანამშრომლობდა ჟურნალებში „დილა“, „პიონერი“. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია დეკორატიულობა, ფერთა თავშეკავებული გამა, კომპოზ. უბრალოება და სიცხადე. გ-მა შექმნა დაზგური ნამუშევრები „გოგონა წყაროსთან“ (1930), „კოლმეურნე ქალი“ (1934), „შოთა რუსთაველის პორტრეტი“ (1937); ნახატების სერია „აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან“ (1925); პლაკატები: „სისხლი სისხლისა წილ“ (1941), „პარტიზანები“ (1943). აქვს აკვარელის ტექნიკით შესრულებული სერია „საქართველოს ისტორიული ძეგლები“ (1958–60), „მცხეთა“, „ახალქალაქი“ (ორივე 1961). გ-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის საბავშვო წიგნის გრაფიკის განვითარებაში. შექმნა ილუსტრაციები შემდეგი წიგნებისათვის: პ. ჭანიშვილის „ბუ“ (1934); ქართ. ხალხური ზღაპრები „რწყილი და ჭიანჭველა“, „თხა და ვენახი“ (ორივე 1935) და „ნაცარქექია“ (1943), ი. გრიშაშვილის „ანბანთქება“ (1943), გ. აბაშიძის „რუსთავის მერცხლები“ (1947), ვაჟა-ფშაველას „ჩხიკვთა ქორწილი“ (1948), „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (1949), ა. პუშკინის ზღაპრები (1953) და სხვ. გააფორმა ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ (1951), „ამბავი იგორის ლაშქრობისა“ (1935), ფირდოუსის „შაჰნამე“ (1935). 1944–46 თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები: კ. გოგიაშვილის „ფარავნელი ჭაბუკი“, გ. ბერძენიშვილის „ტირიფის ქვეშ“ და სხვ.
ლიტ.: იოსებ გაბაშვილი. კატალოგი, თბ., 1951; ჯაფარიძე გ., იოსებ გაბაშვილი, თბ., 1963; Беридзе В. В., Езерская Н. А., Искусство Советской Грузии. 1921–1970, М., 1975; Шмерлинг Р. О., Творчество художника Иосифа Габашвили, «ქართული ხელოვნება», 1959, ტ. 5.