გაბაშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე [14 (27). VIII. 1903, თბილისი, – 13. XI. 1975, იქვე], მეცნიერი ელექტროტექნიკისა და ტექნიკური კიბერნეტიკის დარგში. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1961). ტექ. მეცნ. დოქტორი (1948), პროფესორი (1949), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1962). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ელექტროტექ. ფაკ-ტი (1930). გ. საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის ფუძემდებელია საქართველოში. 1954 მისი ინიციატივით პოლიტექ. ინ-ტში შეიქმნა საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის კათედრა. 1956-იდან ხელმძღვანელობდა ავტომატიკის, ტელემექანიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრას, 1964-იდან (კათედრის გაყოფის შემდეგ) გარდაცვალებამდე – გამოთვლითი ტექ. კათედრას. გ-ის ძირითადი შრომები ეხება საწარმოო პროცესების მათ. აღწერასა და ავტომატიზაციის საკითხებს, ენერგეტ. სისტემის მუშაობის რეჟიმების ალგორითმიზაციას, არაწრფივი ობიექტების ოპტიმალური მართვის თეორიას, ნავთობისა და აირის ჭაბურღილების ღრმა ბურღვის ძირითადი პროცესების ოპტიმიზაციას და სხვ. მონაწილეობდა ამიერკავკ. რკინიგზის სურამის უღელტეხილის ელექტრიფიკაციის სამუშაოთა ჩატარებაში. დაამუშავა ხრამჰესის, სოხუმჰესისა და სხვა ობიექტების კომპლ. ავტომატიზაციის საკითხები. იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ენერგეტიკული სისტემების ავტომატიზაცია, თბ., 1954; Применение методов математического программирования для оптимизации режимов бурения, Тб., 1971 (თანაავტ.); Приближенное решение некоторых задач оптимального управления и дискретного программирования «Известия АН СССР. Техническая кибернетика», 1972, № 6 (თანაავტ.: H. H. Ломинадзе, Л. Л. Чхаидзе).