გაბაშვილი ტიმოთე (გ. 1764, ასტრახანი), მწერალი, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, დიპლომატი, კარტოგრაფი და მხატვარი. 1729-მდე დავითგარეჯის მონასტრის ბერი იყო. 30-იანი წლებიდან მოღვაწეობდა იმერეთში, სადაც ქუთათელ მთავარეპისკოპოსად აკურთხეს. 1738 ალექსანდრე V-მ გ. დას. საქართველოს რუკითა და წერილით გაგზავნა რუს. იმპერატორთან ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარების სათხოვნელად. 1739 რუსეთ-ოსმალეთს შორის ბელგრადის საზავო ხელშეკრულების დადებამ ეს გეგმა ჩაშალა. 1740 სამშობლოში მომავალი გ. ჩრდ. კავკასიაში ჩერქეზებმა დაატყვევეს. 6 თვის შემდეგ გაიპარა და იმერეთში დაბრუნდა. 1743–47 ისევ ქუთათელი მთავარეპისკოპოსის წოდება ჰქონდა, თუმცა ეს ეპარქია ამ დროისათვის გაუქმებული იყო. 1753 გ. ქართლის მთავარეპისკოპოსად აკურთხეს. იგი ჩაება ერეკლე II-ისა და ანტონ I-ის სახელმწ. და კულტ. საქმიანობაში. მათი ხელშეწყობით 1755 სამოგზაუროდ წავიდა კონსტანტინოპოლში, ათონსა და იერუსალიმში. მისი ურთიერთობა სულთნის უმაღლეს მოხელეებთან, აგრეთვე კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის პატრიარქებთან ერეკლე II-ის პოლიტ. გეგმებს ემსახურებოდა. 1759 გ. ქართლში დაბრუნდა. ამ დროს მისი თანამოაზრე და მეგობარი ანტონ I რუსეთში იყო გადახვეწილი; ალბათ ამან აიძულა გ. ყიზლარში წასულიყო. 1762 სინოდის ბრძანებით საცხოვრებლად ასტრახანი მიუჩინეს. დასაფლავებულია ასტრახანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.
თავისი მოგზაურობა გ-მა აღწერა სამოგზაურო-მემუარული ჟანრის თხზულებაში „მიმოსვლა“ (სათაურით „მიმოსლა წმიდათა და სხუათა აღმოსავლეთისა ადგილთა“ – გამოსცა პლატონ იოსელიანმა 1852). პოლიტიკურის გარდა, მის მოგზაურობას შემეცნებითი მიზანიც ჰქონდა. გ-მა გადაცურა შავი, მარმარილოს, ეგეოსის ზღვები, ხმელთაშუა ზღვის აღმ. ნაწილი, მოინახულა მცირე აზია, ბალკანეთი, პალესტინა და მრავალი ქალაქი. მის „მიმოსვლას“ გარკვეული მნიშვნელობა აქვს. ქართ. გეოგრ. აზროვნების ისტორიაში. ათონსა და იერუსალიმში გ-მა ნახა და აღწერა ქართ. კულტურის ძვ. კერები, რითაც საფუძველი ჩაუყარა საზღვარგარეთის ქართ. კულტ. კერების შესწავლას. „მიმოსვლა“ ამ საკითხისადმი მიძღვნილი პირველი ნაშრომია, რ-შიც მოცემულია ათონის ივერთა მონასტრის გეგმა, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკების პირები და სხვა ჩანახატები. იერუსალიმში გ-ს უნახავს 18 მონასტერი და ტაძარი, სადაც ქართველებს უმოღვაწიათ. შეუსწავლია და „მიმოსვლაში“ შეუტანია ყოველი მათგანის აშენების ისტორია. განსაკუთრებით მდიდარი ცნობები აქვს გ-ს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აშენებისა და მოხატვის შესახებ. ამ ცნობებს დღესაც არ დაუკარგავს სანდო პირველწყაროს მნიშვნელობა.
თავისი შრომები გ-მა გააერთიანა კრებულში, რ-საც შემდეგი დროის მოღვაწენი „ტიმოთიანს“ უწოდებენ. „მიმოსვლის“ გარდა „ტიმოთიანში“ შესულია ისტ.-პოლემიკური თხზ. „მარწუხი“, დოგმატ. თხზ. „გარდმოცემული ერთობისათჳს და სიყუარულისა წმიდათა ეკლესიათასა სარწმუნოებასა შინა ქრისტიანეთასა, აღმომდინარისა მის ტკბილნაკადულისა წყაროჲსა, განმწმედელისა გულისხმისყოფათასა წმიდათა წერილთაგან“ და „დღესასწაულთათჳს ღმრთისმშობლისა მარიამისა“. სამივე თხზულება გამსჭვალულია ანტიმაჰმადიანური სულისკვეთებით.
გ-ის მიერ 1737 შედგენილი დას. საქართველოს (ლიხთიმერეთის) რუკა კარტოგრაფიული ტექნიკით, მართალია, ჩამოუვარდება ვახუშტი ბაგრატიონის რუკებს, მაგრამ თავისი დროისათვის მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რუკაზე დეტალურად აისახა რელიეფი, ტყეები, მდინარეები, სანაოსნო გზები, სასარგებლო წიაღისეულის საბადოები და ისტ. ძეგლები. ამ რუკას გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქართ. ხუროთმოძღვრების ისტ. თვალსაზრისითაც.
თხზ.: მიმოსვლა, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1956.
ლიტ.: ბარამიძე გ., ტიმოთე გაბაშვილი „მიმოსვლა“, წგ. ქართული ლიტერატურათმცოდნეობითი მცირე ანთოლოგია, წგ. 1, თბ., 1997; ბურჯანაძე შ., ლიხთ-იმერეთის 1737 წლის რუკა როგორც ფეოდალური საქართველოს ისტორიის პირველწყარო, «ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე», 1959, ტ. 1; გეხტმანი გ., ნარკვევები გეოგრაფიის ისტორიიდან, თბ., 1955; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მენაბდე ლ., ტიმოთე გაბაშვილი, წგ.: XVII–XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა, თბ., 1997; სულავა ნ., ტიმოთე გაბაშვილი შოთა რუსთაველის შესახებ, „გულანი“, 2015, №17.
ე. მეტრეველი