გაბელია ვლადიმერ ანდროს ძე (დ. 24. VI. 1942, სოფ. ნახარებავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი), მოცეკვავე. საქართვ. სახ. არტისტი (1988). 1966 დაამთავრა თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტი. ცეკვა დაიწყო 1950-იდან თბილ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ქორეოგრ. წრეში (ხელმძღვ. ა. ჩიხლაძე). შემდეგ მეცადინეობა განაგრძო ცნობილ ქორეოგრაფებთან მ. ბახტაძესთან, რ. ჭოხონელიძესა და ბ. დარახველიძესთან. 1959–61 თბილ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მუშაობდა პედაგოგ-ქორეოგრაფად. 1961-იდან იყო საქართვ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. აკად. დამს. ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე. მისი შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიულობით, ცეცხლოვანი ტემპერამენტით. აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული სოლო პარტიები ცეკვებში „მხედრული“, „ხანჯლური“, „აჭარული“, „კინტოური“, ანსამბლთან ერთად გასტროლებით იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1990 წლებში იყო დიპლომატიურ სამსახურში.
ა. თათარაძე