გაბელია ოთარ ამბროსის ძე (დ. 24. III. 1953, ზუგდიდი), ფეხბურთელი (მეკარე). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1981). 1981 დაამთავრა საქართვ. სუბტროპ. მეურნეობათა ინ-ტი (სოხუმში). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1963 ზუგდიდში ვ. ბუკიასთან და ი. სართანიასთან. 1977–82 თამაშობდა თბილ. „დინამოში“, 1982–85 – ზუგდიდის „დინამოში“, სოხ. „დინამოში“, ქუთ. „ტორპედოში“, 1985 – 89 კვლავ თბილ. „დინამოს“ შემადგენლობაშია (1988 – 89 გუნდის კაპიტანი). სსრკ თასის (1979) და ევრ. ქვეყნების თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი, 1977 სსრკ ჩემპიონატის და სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი. სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული აქვს ერთი მატჩი. 1979 დაასახელეს სსრკ საუკეთესო მეკარედ და შეიყვანეს ამავე წლის „33 საუკეთესოს“ სიაში. თავი გამოიჩინა როგორც ჩინებული რეაქციის მქონე ალღოიანმა მეკარემ. წვრთნიდა: 1990–92 ზუგდიდის „ოდიშს“ 1992–93 – გურჯაანის „ალაზანს“, 1993–94 ყვარელის „დურუჯს“, 1995–96 – მარნეულის „ალგეთს“, 1997–99 – თბილისის „თსუ-ს, 2001–03 თბილისის „მერანს“, 2003 – ბოლნისის „სიონს“, 2004–07 – ქუთაისის „ტორპედოს“, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი (21 წლამდე, 2009–11). ქართული სპორტის რაინდი (2011).
ლიტ.: მოსაშვილი მ., მეკარე, თბ., 1980.