გაბესკირია გურამ (გიზო) შალვას ძე (დ. 12. IV. 1936, თბილისი), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1980). სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1981). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამთო ფაკ-ტი (1965) და სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი კურსები მოსკოვში (1971). 1971 კინოსტუდია „მოსფილმში“ თავისივე სცენარით გადაიღო სამნაწილიანი სადიპლომო მხატვრული ფილმი „პირველი გზა“. 1972-იდან მუშაობს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი რეჟისორია. გადაიღო ფილმები: „დათა თუთაშხია“ (1977, გ. ლორთქიფანიძესთან ერთად; სსრკ სახელმწ. პრემია, 1981), „კიკვიძე“ (გ. კალატოზიშვილთან ერთად, 1980), „ზღვის მაშვრალნი“ [მინი-სერიალი ე. სეშანთან ერთად, ვ. ჰიუგოს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით „ქართული ფილმისა“ და „პატესინემას“ (საფრ.) ერთობლივი ნამუშევარი 1986]. 1987 დააფუძნა და ხელმძღვანელობდა დამოუკიდებელ სტუდია „ფრესკას“. სხვადასხვა დროს ასწავლიდა კინორეჟისურას სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილ. პედაგოგიურ უნ-ტში (1997–2000), საქართვ. პოლიტექნიკურ უნ-ტის ჰუმანიტარულ ფაკ-ტზე (2001–04), 2006-იდან არის ილიას სახ. სახელმწ. უნ-ტის ჰუმანიტარული ფაკ-ტის საპატიო პროფესორი.
მ. კერესელიძე