გაბიტაშვილი დავით დიმიტრის ძე (28. VIII. 1920, თბილისი, – 2000, იქვე), ფერმწერი. საქართვ. სახ. მხატვარი (1985). II მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1952, უ. ჯაფარიძის კლასი). 1966-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1984-იდან პროფესორი), სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1953-იდან. გ-ის ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოებები ასახავენ ჩვენი ქვეყნის ისტ. წარსულსა და დღევანდელობას, ადამიანების ყოფასა და ინტერესებს. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „სოხუმის პორტი“ (1957), „გაზაფხული“ (1959), „სვანეთის კოშკები“ (1966), „ვენეცია. სან-მარკოს მოედანი“ (1969), „კარლოვი-ვარი. კაფე“ (1985), „თამუნას პორტრეტი“ (1988, ყველა მხატვრის კუთვნილება) და სხვ. მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები სოხუმის სახელმწ. თეატრში.