გაბრა

გაბრა (Gabras), ბიზანტიის იმპერიის ქალდიის თემის (ქართველური ტომებით დასახლებული ტერიტორია) წარჩინებული საგვარეულო. ამ საგვარეულოს წარმომადგენლები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ბიზანტ. პოლიტ. ცხოვრებაში. ანა კომნენეს (XII ს.) ცნობით, გ-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი თეოდორე მამამისს ალექსი I კომნენოსს დახმარებია ბიზანტ. სამეფო ტახტის დაუფლებაში; „გარეგნობითა და მამაცობით ყველას სჯობდა და ამიტომ დაიმსახურა გამოჩენილი მეომრის სახელი; მცირე საქმესაც რომ მიეკარებოდა, არასოდეს არ გაუცუდდებოდა, არამედ ყველა მოწინააღმდეგეს სძლევდა ხოლმე“ (Alexiada, VIII. 9). იმპერატორს ტრაპიზონის დუკად დაუნიშნავს. 1103/4 ტრაპიზონის დუკად მისი შვილი გრიგოლია, ხოლო მოგვიანებით კონსტანტინე გ. გ-თა საგვარეულოს წარმომადგენლები ეყრდნობოდნენ ადგილ. მოსახლეობას. გიორგი პაქიმერეს (1242–1300) ცნობით, თეოდორე „ნამდვილი ლაზი იყო“. ქალდეაში (ტრაბზონის ვილაიეთი, გირესუნის ვილაიეთი და ართვინის ვილაიეთის ნაწილი) დღესაც ძალიან გავრცელებულია გვარი გ. და გაბრიდისი. ამ საგვარეულოს განშტოებას უცხოვრია დას. საქართველოში. ხობის მუნიციპ. სოფ. ხეთაში ცხოვრობს გ., გაბრავას მრავალი ოჯახი. საგვარეულო გადმოცემით, მათი წინაპრები ძველად ტრაპიზონის მეფეები ყოფილან, ხოლო განაყოფებიდან დღესაც ბევრი ცხოვრობს ლაზისტანში.

ლიტ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 6, თბ., 1966; [გოზალიშვილი გ.], კომნენოსთა დინასტიის ეთნიკური წარმომავლობის საკითხისათვის, «მნათობი», 1972, № 8; Anna komnene, Alexiade, t. 1–3, P., 1937–45 (რუს. ენაზე–1965).

გ. გოზალიშვილი