გაბრიელ (ჯიბრაელ) ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (13. VIII. 1788 – 29. II. 1812, პეტერბურგი), გიორგი XII-ისა და მარიამ დედოფლის ვაჟი (ნამდვილი სახელი ჯიბრაელი, რუსეთში ეძახდნენ გაბრიელს). უფროს ძმასთან – მიხეილთან ერთად ფლობდა ქვემო ქართლში სოფ. კუკიას. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ იცავდა მარიამ დედოფლის სამამულო ინტერესებს. ზოგიერთი ცნობით, 1803 აპრილში სამეფო სახლის წევრთა რუსეთში გადასახლების საკითხთან დაკავშირებით გ. ბ. დედას დაეხმარა გენ. ლაზარევის მკვლელობაში. 1803 დედასთან და ძმასთან ერთად გადაასახლეს რუსეთში. სუსტი ჯანმრთელობის გამო ვერ მოხვდა კადეტთა კორპუსში, სადაც საერთოდ სხვა ბატონიშვილებს აწყობდნენ. ცხოვრობდა პეტერბურგში თავის ძმასთან – იოანე ბატონიშვილთან. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
წყარო: Акты, собранные Кавказской археографической комиссией т. 2. Тфл., 1868.
მ. ბერძენიშვილი