გაბრიელი (ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე) [3 (15). XI. 1825, სოფ. ბახვი, ოზურგეთის მაზრა, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპ., – 14 (26). III. 1896, ქუთაისი], საზოგადო და საეკლესიო მოღვაწე, მოაზროვნე, პედაგოგი, ფსიქოლოგი, იმერეთის ეპისკოპოსი, 1839 დაამთავრა თბილ. სას. სასწავლებელი. სწავლა განაგრძო თბილ. სას. სემინარიაში. 1842-იდან სწავლობდა ქ. ფსკოვის, ხოლო 1844-იდან–პეტერბ. სას. სემინარიებში, რ-იც დაამთავრა 1845. პეტერბ. სას. აკად. დამთავრების შემდეგ (1849) გ. მსახურობდა თბილისის სას. სემინარიაში ინსპექტორად (1849–54) და რექტორის თანაშემწედ (1849–58). ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას. 1851 პეტერბ. სას. სემინარიამ გ-ს მიანიჭა მაგისტრის ხარისხი. პარალელურად მუშაობდა ამიერკავკ. ქალთა ინ-ტში საღმრთო სჯულის მასწავლებლად. 1856 ოჯახური ტრავმის (მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და 5 შვილი) გამო მღვდელმონაზვნად ეკურთხა. 1858-იდან იყო ჯერ დავითგარეჯის, შემდეგ გორის არქიმანდრიტი (1858–60).
გ. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, აირჩიეს საპატიო წევრადაც. იყო ქველმოქმედი – საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სას. სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა სას. სემინარია და ქალთა ეპარქიული სასწავლებელი. 1858 პეტერბურგში გამოქვეყნდა გ-ის კაპიტ. ნაშრომი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ (რუს. ენაზე), რ-იც რუს. სემინარიებში დიდხანს სასწავლო სახელმძღვანელოდ იხმარებოდა; ნ. დობროლიუბოვმა სპეც. რეცენზიაც გამოაქვეყნა ჟურნ. „სოვრემენიკში“ (1859), სადაც გ-ის ნაშრომს უპირატესობა მისცა ფსიქოლ. სხვა სახელმძღვანელოებს შორის. ფილოს. და ფსიქოლ. ძირითადი საკითხების გადაწყვეტაში გ. იდგა იდეალიზმის პოზიციებზე. ცნობილია გ-ის ზეპირად წარმოთქმული მრავალრიცხოვანი სიტყვა და ქადაგება, რ-ებიც ემსახურებოდა ადამიანის აღზრდას. გ-ის „ქადაგებანი“ დაიბეჭდა სამ ტომად (ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე).
გ. იყო ეროვნ.-განმათ. მოძრაობის აქტ. მონაწილე, ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ საგანმან. პოლიტიკას, წინ აღუდგა იანოვსკი-ლევიცკის მუნჯური მეთოდით სწავლების მეთოდს, რ-ის მიზანი იყო ქართ. ენის სრული განდევნა სკოლებიდან. 1872 გაილაშქრა გ. მუხრანბატონის (მუხრანსკის) წინააღმდეგ, რ-იც ამტკიცებდა დიდი ერის მიერ პატარა ერების და მათი ენის გაქრობა-ასიმილაციის გარდუვალობას. გ. მოითხოვდა ბატონყმობის გაუქმებას, რამაც თავადაზნაურთა უკმაყოფილება გამოიწვია. დასაფლავებულია გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში. ქართული ეკლესიის მიერ შეირაცხა წმინდანად და ეწოდა წმინდა მღვდელთმთავარი (1995). ხსენების დღეა 25(7. 02) იანვარი.
ლიტ.: ბოჭორიშვილი ა., გაბრიელ ქიქოძის „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, «ფსიქოლოგიის ინ-ტის შრომები», 1950, ტ. 7; გოგებაშვილი ი., რჩეული პედაგოგიური და პუბლიცისტური ნაწერები, ტ. 1, თბ., 1910; კელენჯერიძე მ., გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრება და მოღვაწეობა, ქუთ., 1919; კუკავა თ., ნარკვევები XIX ს. პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის ისტორიიდან, თბ., 1956; ქუთელია ა., ნ. ა. დობროლიუბოვი არქიმანდრიტ გაბრიელის „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლების“ შესახებ, «მნათობი», 1943, № 7; ჭავჭავაძე ი., თხზ. სრული კრებული, ტ. 2, თბ., 1941; Добролюбов Н. А., Основания опытной психологии. Сочинение архимандрита Гавриила (Кикодзе), Полн. Собр. Соч., т. 4, М., 1937.
ბ. ლომინაძე