გაბრიელ პატარა, X ს. კალიგრაფი. მოღვაწეობდა სამხრ. საქართვ. ერთ-ერთ სავანეში, შესაძლოა პარხალში. ცნობილია მის მიერ გადაწერილი რამდენიმე წიგნი: ა) პარხლის მრავალთავი (საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა ინ-ტი, A–95), ხელნაწერი (1310 გვერდი, ზომა 45,5 X 34 სმ), რ-შიც შესულია ქართ. მწერლობის უძველესი ძეგლების – შუშანიკისა და აბო თბილელის მარტვილობათა ტექსტები. კრებული ნაწერია ყავისფერი მელნით, ორ სვეტად, ლამაზი, მკაფიო ნუსხურით; ასოები მსხვილია, სამკაულები არა აქვს; საზედაო ასოების უმეტესობა შესრულებულია მელნით, ნაწილი – სინგურით. XVI ს-ში კრებული ჯერ კიდევ პარხლის მონასტერს ეკუთვნოდა. XVII ს-ში კი თურქეთიდან გამოიხსნა და განაახლა დადიანის ასულმა, დედოფალთ დედოფალმა მარიამმა; ბ) პარხლის ოთხთავი (ხელნაწერთა ინ-ტი, S–4927); გ) საკითხავები და სიტყვები წმ. მამათა (ხელნაწერთა ინ-ტი, A–144).
ეს დიდი ფორმატის წიგნი ძლიერ დაზიანებულია. შესრულებულია სინგურით, ზოგი ასოს მოხაზულობაში შეტანილია ოდნავ შესამჩნევი ორნამენტულობა, მაგრამ მთლიანად ხელნაწერის მორთულობა ზომიერია.
გ. პ. თავისი დროის კალიგრაფიული ხელოვნ. ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია.
ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.