ბერუჩაშვილი ნიკო (ნიკოლოზ) ლევანის ძე

ბერუჩაშვილი ნიკო (ნიკოლოზ) ლევანის ძე (21.VIII. 1947, თბილისი, ‒24. III. 2006, იქვე), გეოგრაფი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1981), პროფესორი (1983). საერთაშ. გეოგრ. კავშირის ლანდშაფტური ანალიზის კომისიის პრეზიდენტი (2004‒06), ქართველ გეოგრაფთა ეროვნ. კომიტეტის თავ-რე, სოროსის ფონდის პროფესორი (1995‒2000), საქართვ. გეოგრ. საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი (1996 ‒2006).

1970 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლოგიის ფაკ-ტი ფიზ. გეოგრაფიის სპეციალობით. 1979‒2006 ხელმძღვანელობდა მისივე ინიციატივით შექმნილ აეროკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს შემსწავლელ სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიას, 1982 ‒2006‒ თსუ-ის კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრას, 1985‒2006 ‒ მარტყოფის ფიზ.-გეოგრაფიულ სტაციონარს.

ბ. ფუძემდებელია ისეთი სამეცნ. მიმართულებებისა, როგორიცაა ‒ ლანდშაფტთა სივრცე-დროითი ანალიზი და სინთეზი, ლანდშაფტთა ეთოლოგია და მოდელირება-ექსპერიმენტი. მისი ინიციატივით საქართველოში დაინერგა საქართვ., კავკ. და მსოფლიოს გეოინფორმაციული და ექსპერტული სისტემები, სტაციონარული და ნახევრად სტაციონარული ფიზ.-გეოგრაფიული გამოკვლევების მეთოდოლოგია და პრაქტიკა.

ბ. იყო თსუ-ში ახალი სპეციალიზაციის ‒ გეოინფორმატიკის დაფუძნების ინიციატორი. გარდა თსუ-ისა, იგი ლექციებს კითხულობდა პარიზის, გრენობლის, ტულუზის, ბარსელონის, ბერლინის, დრეზდენის, ვარშავის, სოფიის, ბრნოს, ბრატისლავის, მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, კიევის უნ-ტებში. ბ. ავტორია 150-მდე სამეცნ ნაშრომისა, რ-თა შორისაა 20 მონოგრაფია და 7 სახელმძღვანელო. სამეცნ ნაშრომების დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია რუსეთის, საფრანგეთის, აშშ-ის, გერმანიის, ბულგარეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების სამეცნ. გამოცემებში.

1995 ‒96 ბ. ხელმძღვანელობდა სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებულ სამეცნ. პროექტს. მსოფლიო ბანკის ფინანს. მისი დახმარებით გამოიცა მონოგრაფია „კავკასია: ლანდშაფტები, მოდელები, ექსპერიმენტები“. ბ. ფრანგ გეოგრაფ ჟან რადვანთან ერთად ავტორია ატლასისა „კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი“.

ბ. იყო ცნობილი გეოგრაფ-მოგზაური. მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით ჩატარდა ექსპედიციები მსოფლიოს მთელ რიგ მთიან რეგიონში: ალპები, პირენეები, ჰიმალაი, ანტილის კუნძულები, პონტოსა და ტავრის მთები, პამირი, ტიან-შანი, კამჩატკა, კურილის კუნძულები და სხვ.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).