ბერქა, ბექა-ყაენი (1209–1266), ოქროს ურდოს ყაენი 1255–66. ჯუჩის მესამე შვილი, ბათო-ყაენის უმცროსი ძმა.
ბ-ს მმართველობის პერიოდში ოქროს ურდო აღარ ემორჩილებოდა მონღოლთა იმპერიას. ბ-მ მდ. ახთუბაზე ააშენა ახ. ქალაქი ‒ სარაი-ბერქე, რ-იც XIV ს. I ნახევარში ოქროს ურდოს სატახტო ქალაქი გახდა. ბ-მ შექმნა ხარკის ამკრეფთა ‒ ბასკაკთა ორგანიზაცია. მის დროსვე დაიწყო ოქროს ურდოს მოსახლეობის გამაჰმადიანება. XIII ს. 50-იან წლებში ბ-მ ლიტვა დალაშქრა. 1262 აზერბ. დასაუფლებლად ჰულაგუიანებს დაუწყო ბრძოლა და შირვანს შეუტია.
1266 ბ-მ ახ. ლაშქრობა მოაწყო, აზერბაიჯანში შეიჭრა და მტკვარს მიადგა, მაგრამ რადგან ხიდები წინასწარ იყო აყრილი, მდინარე ვერ გადალახა და თბილისისაკენ დაიძრა. გზად დაარბია შირვანი, ჰერეთი, კახეთი ივრისპირეთი, აღგავა პირისაგან მიწისა ქ. რუსთავი, ააოხრა ქ. ხორნაბუჯი, მაგრამ თბილისამდე ვერ მიაღწია, გარეჯაში გარდაიცვალა.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).