ბერძენიშვილი ბელა ალექსანდრეს ასული

ბერძენიშვილი ბელა ალექსანდრეს ასული (9. X. 1929, თბილისი), ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1976).

დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1956). იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1966-იდან). 1958-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. ბ-ის ნამუშევრებისათვის ნიშანდობლივია ქართ. ხალხ. ხელოვნ. ტრადიციების გამოყენება, კომპოზიციის ზუსტი გრძნობა, დახვეწილი, ოდნავ უტრირებული ნახატი, პოეტურობა, სუფთა კოლორიტი.

ძირითადი ნამუშევრები: „ნატურმორტი“ (1959), „თუშური ჩითები“ (1959), „ნატურმორტი“ (1962). ბ-ს ეკუთვნის ქართ. ზღაპრებისა და ხალხ. პოეზიის ნიმუშების საყურადღებო ილუსტრაციები: „მზეო ამოდი, ამოდი“ (1965), „ვინც საქმე გააკეთა, პურიც იმანა ჭამოს!“ (1972); გააფორმა იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ (1975 – 76); ავტორია დაზგური სურათებისა: „ეთერის სიმღერა“ (1957), „ძველ წყაროსთან“ (1958), „სვანეთის პეიზაჟები“ (1960 – 63) და სხვ.

კედლის მხატვრობის ნიმუშებიდან აღსანიშნავია სასტუმრო „ივერიის“ დარბაზი (1967, თბილისი), ახალგაზრდული კაფეს ინტერიერი (1979, ჭიათურა) და სხვ.

ა. ჩხარტიშვილი