გრიმო, (Grimaud) ივეტ (დ. 29. I. 1920, ალჟირი - 19. II. 2012, Villiers- le-Bel,საფრანგეთი ), ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი და ეთნომუსიკოლოგი, ქართ. მუს. ფოლკლორის მკვლევარი. დაამთავრა პარიზის კონსერვატორია (ო. მესიანის მოწაფე). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ლიონისა და პარიზის კონსერვატორიებში. იყო პ. ბულეზის ნაწარმოების პირველი შემსრულებელი. როგორც ეთნომუსიკოლოგი, იწერდა და იკვლევდა სხვადასხვა ხალხის (ბუშმენების, პიგმეების, კაბილიელი და ალჟირელი ბერბერების, ირანელების, იაპონელების და სხვ.) ფოლკლორს. დაინტერესებული იყო ქართ. ხალხ. მუსიკით. 1967 ჩამოვიდა საქართველოში და გრ. ჩხიკვაძესთან ერთად მოიარა საქართველოს მრავალი კუთხე, ჩაიწერა 350 ხალხ. სიმღერა. 1989 ამ საექსპედიციო მასალის ნაწილი პარიზში გამოსცა დისკის სახით (Géorgien. Chants de travail, chants religieux). 60–80-იან წწ. გამოაქვეყნა სტატიები პარიზის ქართველოლოგიურ ჟურნალში „ბედი ქართლისა" (სვანური სიმღერების, ქართლ-კახური „ოროველას", შრომის სიმღერებისა და, ზოგადად, ქართ. ხალხ. და სას. მუსიკის შესახებ).
თხზ: Musique traditionelle de Géorgie (1969), «Bedi Kartlisa», vol. 26, P., C. N. R. S.; Musique vocale géorgienne d’Europe orientale (1977), იქვე, vol.25; Symboles d’un chant svane (Géorgie d’Europe orientale) (1978), იქვე, vol.36; Géorgie. Chants religieux (1970), იქვე, vol.37; Note sur le chant géorgien „Orovela“ de Kartl-Kakhete (1980), იქვე, vol.37; Géorgie. Chants de travail (1981), იქვე, vol.37.
ნ. ნაკაშიძე