ბერძენიშვილი ვლადიმერ ლაზარეს ძე

ბერძენიშვილი ვლადიმერ ლაზარეს ძე (20. VI. 1885, სოფ. გოგოლესუბანი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპ-ი ‒ 16. II. 1977, იქვე), ხალხური მომღერალი (ბანი) და ლოტბარი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1951).

1911 თბილისში ჩამოაყალიბა რკინიგზის მუშების გურული სიმღერების მომღერალთა გუნდი, რ-საც ხელმძღვანელობდა 1942-მდე. გუნდი წარმატებით გამოვდა IV და V სრულიად საქართვ. რესპ. ოლიმპიადაზე.

1917 მღეროდა ს. ჩავლეიშვილის ხელმძღვანელობით დაარსებულ გურულ მომღერალთა გუნდში. 1924 – 42 ბ. აქტ. მონაწილეობას ღებულობდა ძუკუ ლოლუას სახ. გუნდისა და დას. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის მუშაობაში (იყო გურული ფრთის ხელმძღვანელი).

1932-იდან ხელმძღვანელობდა რადიოკომიტეტთან არსებულ გურულ მომღერალთა ჯგუფს. მართავდა კონცერტებს როგორც საქართველოში, ისე რუსეთსა და სხვა მეზობელ რესპუბლიკებში.

ბ-ს ჰქონდა ძლიერი, ხავერდოვანი ხმა, უნიკალური ბანი. მისი შესრულება გამოირჩეოდა უბადლო ოსტატობითა და იმპროვიზაციით. 1937 გურულ მომღერალთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ქართ. ხელოვნების სადეკადო კონცერტებში. 1945-იდან ბ. ხელმძღვანელობდა ჩოხატაურის კულტ. სახლთან არსებულ მომღერალთა გუნდს.

გუნდთან ერთად წარმატებით გამოვიდა VI (1949, საპატიო სიგელი), VII (1951, საპატიო სიგელი) და VIII (1954) რესპ. ოლიმპიადებზე.

ბ. წლების მანძილზე მონაწილეობდა საქართვ. კინოსტუდიაში გადაღებული კინოფილმების მუს. გაფორმებაში.