გაბრიელ საფარელი, X–XI სს. ოქრომქანდაკებელი. მისი ნამუშევრებიდან შემონახულია საფარის მონასტრის საწინამძღვრო ჯვარი (მოოქრული ვერცხლი, 52,5 X 44,5 სმ). როგორც ჩანს, ჯვარი მოგვიანებით ბრეთის ეკლესიაში გადაუტანიათ. სამეცნ. ლიტ-რაში იგი ბრეთის ჯვრის სახელითაა ცნობილი (ამჟამად ინახება საქართვ. ხელოვნ. მუზეუმში). ჯვრის ცენტრში გამოსახულია ჯვარცმული ქრისტე, მკლავების ბოლოებში – ღვთისმშობლისა და იოანე მახარებლის ფიგურები (შესრულებულია გ. ს-ის თანაშემწის მიერ) და ორი მედალიონი (ანგელოზი და წვეროსანი წმინდანი) ყველა ფიგურა ცალკე ფირფიტაზეა ნაჭედი და შემდეგ ჯვარზე დაკრული. ჯვრის ზურგსა და ტარზე ფოთლოვანი ორნამენტებია. წარწერებში, გარდა ოსტატისა, მოხსენიებულია ბაგრატ III და მისი მამა მეფეთ მეფე გურგენი. მათი ტიტულატურის მიხედვით, ჯვრის შესრულების თარიღი უნდა იყოს 994–1001. გ. ს. თავისი დროის მოწინავე ოსტატი იყო. მას აინტერესებდა ადამიანის ფიგურის მოცულობითი და პლასტ. გამოსახვა. იმავე დროს თვალდახუჭული ქრისტეს სახე, გამხდარი, დაძაბული სხეული, უაღრესად ექსპრესიულია; დიდ დახელოვნებას მოწმობს ორნამენტის შესრულებაც.
ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართული ოსტატები, თბ., 1967.