გაბუნია გივი ანდრიას ძე (დ. 21. VIII. 1944, თბილისი), არქიტექტორი. არქიტექტურის კანდიდატი (1975). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1967), 1973 მოსკოვის ცენტრ. სამეცნ.-კვლ. და საპროექტო ინ-ტის ასპირანტურა. მუშაობდა ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების თბილისის ზონალურ სამეცნ.-კვლ. ინ-ტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, არქიტექტურულ-საკონსტრუქტორო სახელოსნოს უფროსად (1974–80). არჩეული იყო საქართვ. არქიტექტორთა კავშირის გამგეობის თავ-რის პირველ მოადგილედ (1980–83). საქართვ. არქიტ. და მშენებლობის საქმეთა მინისტრის მოადგილე (1991-იდან). ნამუშევრები: ქ. სოჭში – კიროვის სახ. სანატორიუმის რეკონსტრუქცია (1978; ვ. გვენეტაძესთან ერთად), სანატორიუმის ტიპის პანსიონატი 500 დამსვენებლისათვის (1986, I რიგი; ვ. წულაძესთან ერთად); გვინეის რესპუბლიკაში – 100-ადგილიანი საავადმყოფო (1979; გ. ხატიაშვილთან ერთად) და სხვ. არის თეორიული ნაშრომებისა და სტატიების, სატელევიზიო ფილმის „ძია სოსო“ (არქიტექტორ სოსო ზაალიშვილის შესახებ, 1979) სცენარის ავტორი, საქართველოს არქიტექტურის I ბიენალეს (1988) ლაურეატი და სხვ. ეწევა პედ. მოღვაწეობას საქართველოს ტექ. უნ-ტში (1990-იდან).
თხზ.: Формирование архитектурно-планировочной структуры общественных центров, М., 1978 (თანაავტ.: Б. Маминаишвили, В. Вардосанидзе).
ს. კინწურაშვილი