გაბუნია გურანდა გიორგის ასული

გაბუნია გურანდა გიორგის ასული (26. VIII. 1938, თბილისი, ‒ 4. II. 2019, იქვე), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1990). 1960 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში; 1961–63 მუშაობდა თბილისის სანიტარული კულტურის, 1967–70 რუსთაველის, 1970–75 რუსთავის თეატრებში; 1975-იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. მარჯანიშვილის თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მარგარიტა (ვ. კოროსტილიოვის „მარტოობის დღესასწაული“), ასმათი (რ. თაბუკაშვილის „რას იტყვის ხალხი“), პიერეტა (რ. ტომას „რვა მოსიყვარულე ქალი“), ადა (ლ. როსებას „პრემიერა“), დოლი (ლ. ტოლსტოის „ანა კარენინა“), იულია (ფ. დიურენმატის „რომულუს დიდი“), მარგალიტა ( ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის „მე ვხედავ მზეს“), ნინო (ლ. როსებას „პროვინციული ამბავი“), სიდედრი (მ. ჩიკამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“), გულინდი (კ. გოცის „ლურჯი ურჩხული“), მაკაროვა (ა. აფინოგენოვის „შიში“), ციცილია (ე. დე ფილიპოს „ხელშეკრულება“), ემილია, გონერილა (უ. შექსპირის „ოტელო“ და „მეფე ლირი“), კლეოპატრა (უ. შექსპირის „ანტონიუსი და კლეოპატრა“, რეჟ. ჰ. ვუდი), გაბრიელა ტრისტანი (ჟ. მარსანის „მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია“), ვალია (ვ. ეროფეევის „დაუსრულებელი სიზმარი“), ძიძა (ჟ. ანუის „ანტიგონე“), ცელია პიჩემი (ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“), სარა ბერნარი (ჯ. მარლის „მემუარები“) და სხვ. შეასრულა მოხუცი ქალბატონის როლი სპექტაკლში „BEGALUT ‒ უცხოობაში“ (შ. ალეიხემისა და გ. ბათიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით), ასევე, ითამაშა მონოსპექტაკლში ი. გარუჩავასა და პ. ხოტიანოვსკის „მიტევების დღე“.

თბილისის სან. კულტურის თეატრში: ნათელა (ლ. იოსელიანის „ჩვენი ერთი საღამო“), ირინე (ვ. კოროსტილოვის „მე მჯერა შენი“), კლარა (ე. მარემ ლაბიში „ჩალის ქუდი“) და სხვ.

რუსთაველის თეატრში: ირინე (ს. კლდიაშვილის „ქარიშხალი“), ისმენე (ჟ. ანუის „ანტიგონე“) და სხვ. რუსთავის დრამატულ თეატრში: ჟოზე (ო. იოსელიანის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“), როქსანა (ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“), ელის ჩერემისოვა (ვ. კოროსტილოვის „ასი წლის შემდეგ“).

თეატრში გ-ს მიერ შესრულებული ერთ-ერთი ბოლო როლი აღმოჩნდა რანევსკაია (გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე ა. ჩეხოვის საიუბილეოდ განხორციელებული „ალუბლის ბაღი’’, რეჟ. ა. ენუქიძე).

გ-ს კინოდებიუტია მთ. როლი (რუსუდანი) კინონოველაში „ფრესკა“ („ერთი ცის ქვეშ“, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1961), შეასრულა კომედიური და დრამატული სახასიათო როლები სახვადასხვა რეჟ-ების ფილმებში, მ. შ.: „თოჯინები იცინიან“ (ეთერი, რეჟ. ნ. სანიშვილი, 1963), „მე ვხედავ მზეს“ (მათიკო, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1965), „დრო იწურება განთიადისას“ (ჯოან ბრისტოლი, რეჟ-ები ნ. ნენოვა, გ. წულაია, 1965), „მზე შემოდგომისა“ (ჯულიეტა, რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1973), „აურზაური სალხინეთში“ (ჭორიკანა, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1975), „დათა თუთაშხია“ (ქალბატონი ირინე, რეჟ-ები გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978), „ეკიპაჟი“ (მგზავრი, რეჟ. ა. მიტა, 1980, რუსეთი), „დღეს ღამე უთენებია“ (დარეჯანი, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1983), „ორომტრიალი“ (ლაურა, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1986), „თბილისი ჩემი სახლია“ (ლილი ბიცოლა, რეჟ. ე. ბადურაშვილი, 1994), „ძვირფასი მ.“ (რეჟ. ო შამათავა, 1999), „გაჭედილები“ (რეჟ. ყ. მგელაძე, 2003). „ოქროს ძაფი“ (რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 2019) და სხვ.

გამოირჩეოდა დახვეწილი არტისტიზმით, პროფესიულობით, სცენური ტემპერამენტით, განცდის სიწრფელით. განსხვავებული ფერებით გამოხატავდა ჰეროიკულ, დრამატულ-რომანტიკულ, ლირიკულ თუ სახასიათო სახეებს.

1998 დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 1999 გახდა მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი. სხვადასხვა დროს მოიპოვა წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული („პროვინციული ამბავი“, „შიში“ და „მიტევების დღე“). იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ფოთის საპატიო მოქალაქე (1997). 2008 მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შ. ცუცქირიძე

თ. კახიანი