გაბუნია კალისტრატე ესტატეს ძე [22. I (3. II). 1888, სოფ. ამაღლება, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 22. VIII. 1937, თბილისი], გეოლოგი. პროფესორი (1930). 1919 დაამთავრა ტომსკის ტექნოლ. ინ-ტის სამთო ფაკ-ტი. ინ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო რუსეთის გეოლ. კომიტეტის ციმბ. განყ-ბაში. 1923–24 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ტომსკის უნ-ტში. 1924-იდან მუშაობდა ამიერკავკ. სახ. მეურნ. უმაღლესი საბჭოს სამთო განყ-ბაში (რეორგანიზაციის შემდეგ – ამიერკავკ. გეოლ.-საძიებო ტრესტი). გ. ქართ. გეოლ. სკოლისა და საქართვ. გეოლ. განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელია. საფუძველი ჩაუყარა კვლევებს გამოყენებითი გეოლ. დარგში (სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგია, საინჟინრო გეოლოგია და ჰიდროგეოლოგია). დაარსებიდანვე (1925) ხელმძღვანელობდა საქართვ. გეოლ. ინ-ტის გამოყენებითი გეოლ. სექტორს. 1926 თსუ-ის პოლიტექ. ფაკ-ტზე დააარსა გამოყენებითი გეოლ. კათედრა. 1928-იდან საქართვ. პოლიტექ. ინ-ტშია, 1932 იყო ამავე ინ-ტის სამთო ფაკ-ტის დეკანი. დაარსებიდანვე (1933) იყო საქართვ. გეოლ. საზ-ბის თავ-რე. იკვლევდა საქართვ. სასარგებლო წიაღისეულის საბადოებს (ქისათიბის დიატომიტის, ჭიათურის მანგანუმის, ალგეთის ლითოგრაფიული ქვის, ჩათახის, ახლანდ. ფოლადაურის რკინის, შროშის ცეცხლგამძლე თიხების, საშენ მასალათა და სხვ.), საქართვ. სხვადასხვა რეგიონის გეოლ. აგებულებას, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საინჟინრო-გეოლ. პირობებს.
1988 საქართველოს გეოლ. საზ-ბამ და საწარმოო გაერთიანება „საქგეოლოგიამ“ დააწესეს კ. გაბუნიას სახ. პრემია.
თხზ.: ბორჩალოს რაიონის სამხრეთი ნაწილის გეოლოგია, «გეოლოგიური ინ-ტის შრომები. გეოლოგიური სერია», 1942, ტ. 1 (6)1 (თანაავტ. პ. გამყრელიძე); Материалы к изучению фауны кораллов из нижне-каменноугольных отложений около деревни Ройки по р. Томи, «Известия Сибирского отделения геологического комитета», 1919, т. 1, в. 3; Касьяново-Гришевское месторождение Черемховского угленосного бассейна, იქვე, 1921, т. 2, в. 3; Железо. Медь, წგ.: Минеральные ресурсы ССР Грузии, Тб., 1933; Свинец, серебро и цинк, იქვე.
ლიტ.: ტოგონიძე გ., კალისტრატე გაბუნია. ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1988.
ვ. ჯავრიშვილი