გაბუნია ნატო (ნატალია) მერაბის ასული [13 (25). II. 1859, გორი, – 16 (29). VIII. 1910, თბილისი], მსახიობი, ქართ. რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ა. ცაგარელის მეუღლე. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო გორში ხალხოსნების მიერ დაარსებულ სცენისმოყვარეთა დრამ. წრეში. 1879 მსახიობად მიიწვიეს თბილ. ქართ. პროფ. თეატრში. გ-ს შესრულება გამოირჩეოდა ხალხური, ეროვნ. კოლორიტით, უშუალობით, ბუნებრიობით. მას ჩინებული, სცენური მონაცემები ჰქონდა. ბრწყინვალედ ფლობდა მეტყველების, პლასტ. გამომსახველობის, სიმღერის ხელოვნებას. გ. ჭეშმარიტად სახ. მსახიობი იყო. პროფ. თეატრში მოღვაწეობის პარალელურად მონაწილეობდა მუშათა თეატრების სპექტაკლებში და სოფლად – მოედნებზე, კალოებზე გლეხობისათვის გამართულ წარმოდგენებში. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ძლიერი ნებისყოფის ქალთა როლების შესრულებაში. გ-თვის საგანგებოდ წერდნენ პიესებს ი. ჭავჭავაძე („მაჭანკალი“), ა. წერეთელი („კინტო“), ა. ცაგარელი („ხანუმა“), დ. კლდიაშვილი („დარისპანის გასაჭირი“). როლები: დედა, ხორეშანი, მაჭანკალი (ი. ჭავჭავაძის „ქართვლის დედა“, „გლეხთა განთავისუფლების პირველდროების სცენები“, „მაჭანკალი“), სალომე (ა. წერეთლის „კინტო“), ხანუმა, თალალა, ორომსე, ქალია (ა. ცაგარლის „ხანუმა“, „როგორც მოხვალ სვინაო, ისე წახვალ შინაო“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ციმბირელი“), გლეხი დედაკაცი (დ. ერისთავის „სამშობლო“), კუკუშკინა (ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“), შუშანიკა, ხამფერა (გ. სუნდუკიანის „პეპო“, „ხათაბალა“) და სხვ. გ. მონაწილეობდა ოპერეტებშიც.
ლიტ.: ბურთიკაშვილი ა., ნატო გაბუნია, თბ., 1949; ნატო გაბუნია, ტფ., 1909.
დ. ჯანელიძე