გაბუნია უჩა ამბერკის ძე (30. V. 1927, თბილისი, – 18. VIII. 2011, იქვე), პათოლოგანატომი. მედ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1966), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979). 1948 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1960-იდან იყო პათომორფოლ. განყ-ბის გამგე. 1977-იდან – თსუ -ის პათანატომიის კათედრის პროფესორი. გ. ინ-ტში ხელმძღვანელობდა სიმსივნეების მორფოგენეზისა და ციტოქიმიის პრობლემების შესწავლას, იკვლევდა კანცეროგენეზის უჯრედშიგა მექანიზმებს სხვადასხვა ორგანოში, კიბოს აღმოცენების ადრეულ და დიფერენც. დიაგნოსტიკას. გ-მ და მისმა თანამშრომლებმა პრაქტიკაში დანერგეს ბიოფსიური მასალის ელექტრონულ-მიკროსკოპული რადიოავტოგრაფიული კვლევის მეთოდი და სხვ. 1986 მიენჭა ი. თარხნიშვილის სახ. პრემია. 1994 აირჩიეს საქართვ. მედ. მეცნ. აკადემიის წევრად.
თხზ.: სარძეო ჯირკვლის კიბოს მორფოგენეზის საკითხისათვის, თბ., 1974; Морфология и гистохимия предрака и рака молочной железы человека, Тб., 1964; Морфогенез рака молочной железы, Тб., 1987.