გაბური ბესარიონ მარტიას ძე

გაბური (გაბუური) ბესარიონ (ნამდვ. სახელები გიორგი, აბაისძე) მარტიას ძე (1889–1953, სოფ. სამგორი, გარდაბნის რ-ნი), მელექსე, მთქმელი, ზეპირსიტყვიერების შემკრები. ცხოვრობდა ხევსურეთში, არხოტის თემის სოფ. ჭიმღაში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. დაიჭრა და კარგა ხანს იყო პეტერბურგსა და იურიევეში. მან თავი მოუყარა ხევსურულ ფოლკლორულ მასალას, რ-იც, გ-ის ლექსებთან ერთად, 1925 „ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეულში“ (I–II) გამოაქვეყნა ა. შანიძემ. 1926–28 გ-ის მიერ ჩაწერილი და შეთხზული ლექსები დაიბეჭდა ა. შანიძის წიგნში „ქართული ხალხური პოეზია, I. ხევსურული“ (1931). გ-ის თიკუნები (ფსევდონიმები) იყო „ბესარიონი“, „ბალახურისძე“, „არხოტიონი“ და სხვ.

დ. გოგოჭური