გაგარინი ალექსანდრე ივანეს ძე

გაგარინი ალექსანდრე ივანეს ძე (1801–1857), ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი. 1845 კავკასიაში ჩამოჰყვა მეფისნაცვლად დანიშნულ მ. ვორონცოვს. 40-იანი წწ. დასასრ. დერბენდის ქალაქის უფროსად მსახურობდა. ამ წლებში დაქორწინდა თავად დ. ორბელიანის ასულ ანასტასიაზე, რ-ის საშუალებითაც დაუახლოვდა ქართვ. ფეოდ. არისტოკრატიას. 1847 დაინიშნა ქუთ. სამხ. გუბერნატორად. 1853–56 ყირიმის ომის დროს მეთაურობდა გურიის რაზმს და მე-13 ქვეით დივიზიას. 1855 ყარსის ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა. ამავე წელს ექიმების რჩევით მეუღლითურთ სამკურნალოდ პარიზში წავიდა. 1856 დაბრუნდა რუსეთში. გადაწყვეტილი ჰქონდა სამუდამოდ დასახლებულიყო საკუთარ მამულში – ქუჩუქ-ლამბათში (ყირიმი), მაგრამ ა. ბარიატინსკის წარდგინებით 1857 თებ-ში გ. ქუთ. გენ.-გუბერნატორად დანიშნეს. ამ დროს მეტად მწვავედ იდგა სვანეთის სამთავროს გაუქმებისა და კ. დადიშქელიანისათვის მთავრის უფლების ჩამორთმევის საკითხი. აღელვებულმა მთავარმა 22 ოქტ. გ. ხანჯლით მოკლა.

ლიტ.: ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი 1854–1861, ტფ., 1934; მეუნარგია ი., სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი, თბ., 1939.