გაგარინი იური ალექსის ძე

გაგარინი იური ალექსის ძე (9. III. 1934, სოფ. კლუშინო, გჟატსკის რ-ნი, სმოლენსკის ოლქი, –27. III. 1968), რუსი კოსმონავტი-მფრინავი, პირველი ადამიანი, რ-იც კოსმოსში გაფრინდა. პოლკოვნიკი, საბჭ. კავშირის გმირი (14. IV. 1961). 1955 დაამთავრა სარატოვის ინდუსტრ. ტექნიკუმი, ხოლო 1957 – ჩკალოვის სახ. მფრინავთა სამხ.-საავიაციო სასწავლებელი. მსახურობდა ჩრდილოეთის ფლოტის გამანადგურებელი ავიაციის ნაწილებში. 1960 გ. ჩაირიცხა კოსმონავტთა რაზმში. 1968 თებ-ში წარჩინებით დაამთავრა ნ. ჟუკოვსკის სახ. სამხ.-საჰაერო აკადემია მოსკოვში.

1961 წ. 12 აპრილს გ. მსოფლიოში პირველი გაფრინდა დედამიწის ახლო კოსმოსურ სივრცეში კოსმ. ხომალდ-თანამგზავრ „ვოსტოკით“ და 1 სთ და 48 წთ-ში დედამიწას შემოუარა. 1966-იდან იყო ასტრონავტიკისა და კოსმ. სივრცის კვლევის აკად. საპატიო წევრი. დაჯილდოებულია რუსეთის და მრავალი სხვა უცხო სახელმწ. უმაღლესი ორდენით.

ტრაგიკულად დაიღუპა საწვრთნელი ფრენის დროს ვლადიმირის ოლქის კირჟაჩის რ-ნის სოფ. ნოვოსიოლოვოსთან. დასაფლავებულია მოსკოვში, წითელ მოედანზე. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად სმოლენსკის ოლქის ქ. გჟატსკსა და გჟატსკის რ-ნს უწოდეს გ-ის სახელი ი. ა. გაგარინის სახელი მიეკუთვნა აგრეთვე სამხ.-საჰაერო აკადემიას მონინოში, მთვარის ერთ-ერთ კრატერსა და მცირე ცთომილს. 1968 ავიაციის საერთაშ. ფედერაციამ დააწესა ი. გაგარინის სახ. ოქროს მედალი.

გ-ის სახელი მიეკუთვნა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.

თხზ.: Есть пламя, М., 1968; Психология и космос, М., 1968 (თნაავტ. В. И. Лебедев); Дорога в космос, М., 1968 (თანაავტ. В. И. Лебедев); Дорога в космос,М., 1969.

ლიტ.: რიაბჩიკოვი ე., ვარსკვლავეთის მზვერავი, თბ., 1961; Первый полет человека в космос, М., 1961.