გრიშაშვილი (ნამდვ. გვარი – მ ა მ უ ლ ა ი შ ვ ი ლ ი) იოსებ გრიგოლის ძე [11 (23). IV. 1889, თბილისი, – 3. VIII. 1965, იქვე], პოეტი, მკვლევარი, თეატრალი, საზოგადო მოღვაწე. საქართვ. სახ. პოეტი (1959), საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1946), სომხ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1945), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1950). სწავლობდა თბილ. ქართ. გიმნაზიაში, თუმცა სწავლების კურსი არ დაუმთავრებია. მუშაობდა სტამბაში შეგირდად, თეატრში – სუფლიორად. წერდა: „მე ვარ თვითგანვითარებული პოეტი, თბილისის ფოლკლორზე აღზრდილი". აშუღურ-ყარაჩოხელურმა პოეზიამ თავიდანვე ღრმა კვალი დააჩნია მის ლექსებს, რ-ებშიც ჭარბობს ქალაქური, თბილისური მოტივები, ლექსიკა, ფრაზეოლოგია. გ-ის შემოქმედებაში იმთავითვე დომინირებს სატრფიალო პოეზია („მაჯამა", „მიმღერე, ტურფავ", „გიჟო, მიყვარხარ", "ოლოლ! ოლოლ!", "რა კარგი ხარ, რა კარგი!", "თათრის ქალი სუბსარქისში" და მრავალი სხვა). 1906 საკუთარი და სხვათა ლექსებისაგან შეადგინა და გამოსცა კრებული „ვარდის კონა". 1907 გამოსცა ლექსების მომცრო წიგნი „ფანტაზია". 1907 ვ. გუნიამ მიიწვია ქართ. თეატრში („ეს ნამდვილი უნივერსიტეტი იყო ჩემთვის...") და თან ჩააბარა ჟურნ. „ნიშადური ". გ. აქ გაეცნო ა. წერეთელს, ვაჟა-ფშაველას, ი. გოგებაშვილს. ამავე ჟურნალში აქვეყნებდა ფელეტონებს, სცენებს, გამოცანებს, ეპიგრამებს სხვადასხვა ფსევდონიმით (1904-იდან, მამის გარდაცვალების შემდეგ, იგი ცნობილია ფსევდონიმით „გრიშაშვილი"). წერდა და დგამდა პიესებს („ტიმოთეს ლეღვი" და სხვ.), თავად იყო მსახიობიც, რეჟისორიც, ადმინისტრატორიც. 1909 თანამშრომლობა დაიწყო გაზ. „ივერიის" რედაქციასთან. 1909–10 გამოსცა ლიტ. ალმანახები: „ძალა", „გუშაგი", „606". 1910 გამოვიდა გ-ის სატრფიალო ლექსების კრებული „ოცნების კოცნა", რ-მაც ნიჭიერი მგოსნის სახელი მოუპოვა, ხოლო 1914 სიტყვაკაზმული მწერლობის საზ-ბის მიერ ცალკე წიგნად გამოცემულმა ლექსების კრებულმა საერთო აღიარება და დიდი წარმატება მოუტანა. ამის შემდეგ მის მთ. სამოღვაწეო ასპარეზად მწერლობა იქცა. გ-ის იმდროინდელი პოეზიის ძირითადი მოტივი ინტიმურსატრფიალო იყო. ლექსები – ქალაქური ბოჰემური სულის გამოძახილი – გამოირჩევა პოეტურ სახეთა სიახლით, ორიგინ. რიტმული კონსტრუქციებით, რითმის მრავალფეროვნებით. გ-ის პოეტური ნიჭი სრულად გამოვლინდა თბილისური ყოფის კოლორიტული სურათებით აღსავსე ლექსებში: „ტრიოლეტები შეითანბაზარში" (1918), „აშპაშხანისკენ" (1920), „გამოთხოვება ძველ თბილისთან" (1925). შემდეგაც არაერთი ლექსი უძღვნა თავის სათაყვანებელ ქალაქს. 1922 კ. გამსახურდიასთან ერთად რედაქტორობდა ჟურნ. „ლომისს". 1922 გამოცემულმა თხზულებათა ტომმა ცხადყო, რომ გ-ის შემოქმედებაში მომძლავრდა მოქალაქეობრივი და სოც. მოტივები, განსხვავებული ჟღერადობა შეიძინა სიყვარულის თემამაც (ციკლი „მხოლოდ სიყვარული"). ომისდროინდელ (1941–45) ლირიკაში გამოირჩევა პატრ. ლექსები („ორი სიტყვა", „ჩვენს დებს და დედებს", „ბალადა ხელმანდილზე", „გამარჯვების გაზაფხული" და სხვ.). მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1949 გამოცემული ერთტომეული, რისთვისაც გ-ს საქართვ. სახელმწ. პრემია მიანიჭეს. გ-მა დიდი ამაგი დასდო საბავშვო ლიტ-რას. საყოველთაოდ ცნობილია ამ ჟანრის ლექსები („ოთხი დრო", „ონავარი", „ჩემს პატარა მკითხველებს" და სხვ.) და ზღაპრები („სიზმარა", „მუსტაფას ვირი", „ბაბაჯანას ქოშები" და სხვ.). გ-ის ბევრი ლექსი პოპულარულ სიმღერად იქცა („ქალო ნარინჯიანო", „სად შენი და სად იმისი თვალები", „რად არ მწყალობ", „რა კარგი ხარ, რა კარგი!" და ბევრი სხვა). გ-ს ეკუთვნის ფრიად საყურადღებო გამოკვლევები ლიტ-რისა და თეატრის ისტ. პრობლემებზე, ქალაქურ ფოლკლორზე, აშუღურ პოეზიაზე, რ-თაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია „საიათნოვა" (1914–18), „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა" (1926–27), „ცხოვრება ალექსანდრე ჭავჭავაძისა" (1940). ფასდაუდებელია გ-ის მიერ შედგენილი მრავალათასსიტყვიანი ქალაქური ლექსიკონი, რ-იც დაისტამბა რ. კუსრაშვილის რედაქციით (1999). გ-მა ქართულად თარგმნა და გამოსცა ჰ. თუმანიანის „რჩეული", აგრეთვე ი. კრილოვის იგავები, შირვანზადეს, მ. ფ. ახუნდოვის, კ. ხეთაგუროვის, ა. ახმატოვას, ვ. ინბერის, ნ. ჰიქმეთის და სხვათა ცალკეული ნაწარმოებები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
თხზ.: თხზულებათა კრებული ხუთ ტომად, თბ., 1961–65; ფსევდონიმების ლექსიკონი, თბ.,1987; ჩემი აღმართი, თბ., 1989; დაუბეჭდავი ლექსები, თბ., 1992; რჩეული ნაწარმოებები 4 ტომად, თბ., 2012; ბილწსიტყვაობა, შეკრიბა იოსებ გრიშაშვილმა, თბ., 2014.
ლიტ.: ა გ ლ ა ძ ე შ., გ რ ი გ ო რ ა შ ვ ი ლ ი ნ., იოსებ გრიშაშვილი, თბ., 1989 (ბიბლიოგრაფია); აგლაძე შ., მხოლოდ სიყვარული [პოეტ იოსებ გრიშაშვილის სიყვარულის ისტორია], თბ.,2014; არველაძე ბ., იოსებ გრიშაშვილის პოეტური სამყარო, თბ., 1976; ბართაია ნ., ქართულში შემოსული სპარსული ლექსიკა იოსებ გრიშაშვილის "ქალაქური ლექსიკონის" მიხედვით, თბ., 2010; ლექსმცოდნეობა - იოსებ გრიშაშვილისადმი მიძღვნილი ლექსმცოდნეობის მეშვიდე სამეცნიერო სესია (მასალები), თბ., 2013; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე ი., იოსებ გრიშაშვილი, თბ., 1990; ყოლბაია მ., იოსებ გრიშაშვილი ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში, თბ., 2012; ხ ი ნ თ ი ბ ი ძ ე ა. იოსებ გრიშაშვილი, თბ., 1956; ჯ ი ბ ლ ა ძ ე გ., კრიტიკული ეტიუდები, [ტ.] 3, თბ., 1959.
გ. გვერდწითელი