გაგელები

გაგელები, XII–XIII სს. საქართველოს დიდებულ ფეოდალთა საგვარეულო, მხარგრძელთა განშტოება. გვარის ფუძემდებელი იყო გაგელი ზაქარია|ზაქარია გაგელი, ვარამ მხარგრძელის ძე, რ-მაც თამარ მეფისაგან მიიღო სამამულედ (სამემკვიდრეოდ) ციხე გაგი და იწოდა გაგელად. გ. ფლობდნენ გაგს და მის მხარეს ციხეებითა და ქალაქებითურთ (შამქორი, ტავუში, კაწარეთი, ტერუნაკანი, ერგევანქი, ქარჰერძი, გარდმანი, ზეგამი, ნორბერდი, მაწნაბერდი და სხვ.). ეს იყო ე. წ. „ქუემოთი სანაპირო“ მხარე, რ-ის ფარგლები აღწევდა განძამდე და მისი მფლობელები, ამგვარად, მონაპირეები იყვნენ. გ. განსაკუთრებით დაწინაურდნენ და გაძლიერდნენ ზაქარია გაგელის ძის ვარამ (ვაჰრამ) გაგელის დროს, რ-მაც გაგის მამულთან ერთად დაიმკვიდრა მსახურთუხუცესობა და მიიღო აგრეთვე მამული შიდა ქართლში – თეძმის ხეობაში. XIII ს. 50-იანი წლებიდან გაგელთა სახლი დამცრობილა – მეფეს მსახურთუხუცესობა სურამელი გრიგოლ|გრიგოლ სურამელისთვის გადაუცია. როგორც ჩანს, გ-ს დაუკარგავთ გაგი და მასთან ერთად გაგელობაც; XIII ს. 40-იანი წწ. მოღვაწე ვარამის ძე აღბუღა გაგელად უკვე აღარ იხსენიება და გ-ის ხსენება ამ დროიდან ქრება წყაროებში. აღბუღა იძულებული გახდა ხელი მიეყო მამულების გაყიდვისათვის, სახელდობრ, ორთაღებს (საკრედიტო-სავაჭრო კორპორაცია) მიჰყიდა მამამისისათვის მეფის მიერ ნაწყალობევი სოფელი ხოვლე.

წყარო: გრიგოლ აკანელი, მოისართა ტომის ისტორია, ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1961; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ჟამთააღმწერელი, იქვე.

ნ. შოშიაშვილი